კინოხელოვნება

დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

26 ნოემბერი, 2013 • • 3039
დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) კომუნიკაციების სპეციალისტის, გვანცა ასათიანის თქმით, ორგანიზაციას ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დოკუმენტური ფილმი აქამდეც გადაუღია, თუმცა წელს ისურვეს, რომ ფილმი პროფესიონალ რეჟისორებს გადაეღოთ.

 

ქალთა მიმართ ძალადობა/გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეკლამა
ქალთა მიმართ ძალადობა/გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეკლამა

“დოკუმენტურ ფილმში ზუსტად უნდა იყოს ასახული, რა მდგომარეობა არის ამ კუთხით. ვფქრობთ, ფილმი არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ადამიანებმა ახლოს გულთან მიიტანონ ის რეალური ისტორიები, რაც ჩვენ გარშემო ხდება,”- ამბობს გვანცა ასათიანი. 

 

პროექტის წარდგენა ეროვნულ კინოცენტრში15 დეკემბრამდე შეუძლიათ იმ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, რომლებსაც რომელიმე თემაზე ფილმი გადაუღიათ. 

 

დოკუმენტური ფილმის, რომლის პერსონაჟები ძალადობის მსხვერპლი ქალები იქნებიან, გადაღება 2014 წლის სექტემბრში უნდა დასრულდეს. ხოლო პრემიერა 2014 წლის ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიანი კამპანიის დროს მოეწყობა. 

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ეროვნულ კინოცენტრს შორის 25 ნოემბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ეროვნული კინოცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესში ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

 

მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ მოაწერეს.

 

ერიკა კვაპილოვას განცხადებით, კინო ადამიანებს ამ გლობალურ პრობლემასთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დოკუმენტურ კინოს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა კვაპილოვამ.

 

წარდგენილი სინოფსისების მიხედვით შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებსაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 10,11,12 იანვარს ტრენინგები ჩაუტარდებათ. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა 2014 წლის 3 თებერვალს დასრულდება და მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მიეცემა ფილმის გადაღების საშუალება. 

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც 25 ნოემბერს მთელს მსოფლიოში დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.  

 

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE)  მიზანს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა წარმოადგენს.

 

კამპანია 2008 წელს დაიწყო და მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქალთა ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, კერძო სექტორს, მედიასა და მთლიანად გაეროს სისტემას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი