ხელოვნება

კულტურის სამინისტროს “მხატვრის სახლის” ადგილას მშენებლობის შეჩერება სურს

23 აგვისტო, 2013 • 2577
კულტურის სამინისტროს “მხატვრის სახლის” ადგილას მშენებლობის შეჩერება სურს

შეხვედრაზე კულტურის სამინისტრომ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვია. მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი წარმართავდა, მონაწილეებმა “მხატვრის სახლთან” დაკავშირებით თავიანთი წინადადებები გამოთქვეს და წერილი დაწერეს. 

 

“ვიმედოვნებთ, რომ დამკვეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და გაითვალისწინებს სპეციალისტებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს “მხატვრის სახლის” არსებული პროექტის დროებით შეჩერებასა და გადახედვასთან დაკავშირებით,”- ეს წინადადებები იმ წერილში ჩაიწერა, რომელსაც კულტურის სამინისტრო შპს “მაგთის” დირექციას გაუგზავნის. შპს “მაგთის” დაკვეთით “მხატვრის სახლის” ადგილას, რუსთვაელის #7-ში, შენდება შენობა, რომლის პროექტი კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მისულ ადამინებს არ მოსწონთ. 

 

კრებაზე ურბანისტი და არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე იმყოფებოდა. იგი “მაგთის” დაწყებული მშენებლობის პროექტს იწუნებს, თუმცა მიაჩნია, რომ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა “მაქსიმალისტურია.” მისი თქმით, ყველაფერი დამკვეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

 

“ეს არ არის პატარა ჯიხური, რომ მშენებლობა შეაჩერო და ორი თვის მერე გააგრძელო მუშაობა. აქ უკვე ამოქმედებულია მანქანა, კონტრაქტები დადებულია. მე მგონია, რომ დაგვიანებულია. რა თქმა უნდა, ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ დროულად კარგი უნდა აკეთო და არა ზოგადად კარგი,”- განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ. 

 

ურბანისტის თქმით, შენობის მასშტაბი მას არ აშინებს, რადგან რუსთაველის გამზირზე არაერთი მასიური შენობაა, მათ შორისაა პარლამენტის ყოფილი შენობა და საცხოვრებელი სახლი რუსთაველის #1-ში. მისი თქმით, “მინიმალისტური”-არა იდეალური, მაგრამ რეალისტური გამოსავალი ისაა, რომ “მაგთიმ” მხოლოდ შენობის ფასადზე გამოაცხადოს კონკურსი. 

 

“შიდა მოწყობის კრიტიკის კომპეტენცია არც ერთ საბჭოს არ აქვს. ეს არის დამკვეთის პრეროგატივა. შიგნით რა ხდება, მესაკუთრის საქმეა. ფასადს კი ყოველდღე ვაკვირდებით, მისი გავლენის ქვეშ ვხვდებით. საზოგადოებრივ სივრცეზე მოქმედებს ფასადი და არა შინაარსი. სამწუხაროდ, უმრავლესობამ ამას მხარი არ დაუჭირა,”- განაცხადა ვარდოსანიძემ.  

  

მარინე მიზანდარის აზრით, დამტკიცებული პროექტი რუსთავლის გამზირის კულტურულ-ისტორიულ განაშენიანებასთან შეუსაბამოა, როგორც მასშტაბით, ასევე ფასადით. მისი თქმით, ამ შეხვედრის მიზანი სპეციალისტებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა და დამკვეთისადმი წერილის გაგზავნაა. 

 

“ჩვენ, სამინისტრომ, მივეცით საშუალება პროფესიონალთა წრის დიდ ნაწილს თავისი აზრი გამოეხატა ამ პროექტთან მიმართებით და განგვესაზღვრა რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ძალიან მწირი შესაძლებლობების ფარგლებში. სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტი ძალა აქვს,”- განაცხადა მარინე მიზანდარმა. 

 

მიზანდარს მიაჩნია, რომ “მაგთიმ” ახალი პროექტი უნდა შეიმუშავოს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. მისი აზრით, იდეალური იქნებოდა მთელ პროექტზე კონკურსის გამოცხადება. იგი არ გამორიცხავს, რომ “მაგთი” სამინისტროს მიერ გაგზავნლ წერილს გაითვალისიწნებს, რადგან მის ხელმძღვანეობას ხელოვანებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. 

 

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ციცინო ჩაჩხუნაშვილი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანაშრომელი, მიიჩნევს, რომ “მხატვრის სახლის” ადგილას დაწყებული მშენებლობა უნდა შეჩერდეს. 

 

“რომ ვუყურებ, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ეს შენობა შეიძლება იქ გაჩნდეს. ალაბათ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ასე იქნება. ამიტომ უნდა შეჩერდეს შენებლობა. შენობის პროექტს სტილსაც ვერ მოვუძებნით. მიუღებელია,”- განაცადა ჩაჩხუნაშვილმა. 

 

მხატვრის სახლი
მხატვრის სახლი

ჩაჩხუნაშვილის თქმით, “მხატვრის სახლის” ფოტოები, აზომვითი ნახაზები და სხვა საჭირო მასალა არსებობს, რაც შენობის ახლიდან აშენების საფუძველს ქმნის. მას მიაჩნია, რომ ინვესტორი, რადგანაც ის ასეთ მნიშვნელოვან ადგილს ყიდულობს, მზად უნდა იყოს, რომ ამგვარი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 

 

შპს. “მაგთი” იმ ადგილას, სადაც სამი შენობა- “მხატვრის სახლი”, მანანა ორბელიანის სახლი და კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი- იდგა, მრავალფუნქციურ ცენტრს აშენებს. ცენტრში საცურაო აუზი, სამუზეუმო სივრცეები და რესტორანი იქნება თავმოყრილი. მიწისქვეშ 150 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი განთავსდება.

 

“ტფილისის ჰამქარმა” კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას განცხადებით უკვე მიმართა. კულტურის სამინისტრომ 17 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მშენებარე პროექტი არ მოიწონა. დღევანდელი კანონმდებლობით, კულტურის სამინისტროს თბილისის კულტურული ძეგლების მონიტორინგის უფლება არ აქვს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი