ხელოვნება

აღმოჩენა ქარელში: “დედოფლის გორას” ნამოსახლარი და სამიათასწლოვანი გალავანი

25 ივლისი, 2013 • 3725
აღმოჩენა ქარელში: “დედოფლის გორას” ნამოსახლარი და სამიათასწლოვანი გალავანი

“დედოფლის გორა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვენეციის კა–ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი იკვლევს, ქარელის რაიონში, მდინარეების მტკვრისა და ფცის შესართავში მდებარეობს. სახელწოდება “დედოფლის გორა” მისმა რელიეფმა განსაზღვრა. არქეოლოგიურ ობიექტს ბორცვის ფორმა აქვს, რაც მისმა ხანდაზმულობამ განსაზღრა. 

 

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი არქეოლოგი ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ “დედოფლის გორა”, როგორც მრავალსაუკუნოვანი დასახლება, მრავალ არქეოლოგიურ ფენას შეიცავს. ეს დასახლება ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულიდან ახალი ახალი წელთაღრიცხვის შუა საუკუნეებამდე ვითარდებოდა. ამიტომ ძეგლზე აღმოჩენილი არტეფაქტები სხვდასხვა პერიოდისაა.

 

არქეოლოგიური ობიექტს 1980–იან წლებშიც იკვლევდნენ. მაშინ არქეოლოგებმა ადრეშუასაუკუნეების (IV-VI საუკუნეები) და ანტიკური ხანის (ძვ.წ. აღ. I– ახ.წ.აღ. II საუკუნეები) დიდი კომპლექსის “სასახლის” ნაშთები აღმოაჩინეს, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის საიტზე გავრცელებულ განცხადებაში. არქეოლოგური ძეგლის კვლევა 2013 წელს განახლდა. ამავე განცხადების მიხედვით, მიმდინარე კვლევების შედეგად ძვ. წ. აღ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული გალავანი და სათავსოები, ბრინჯაოს თასები და მცირე ზომის ქანდაკების სადგამები აღმოაჩინეს.

 

ზურაბ მახარძის თქმით, მიმდინარე კვლევებისას გაკეთდა სტრატიგრაფიული ჭრილი, რომლის შედეგადაც გამოჩნდა ანტიკური, ადრერკინის, გვიანბრინჯაოსა და ადრებრინჯაოს ხანის ფენები. სტრატიგრაფიული ჭრილის გაკეთების შემდეგ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა საფუძვლიანად დაიწყება. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მათ ადრერკინის ხანის ქვით ნაშენი გალავნის ნაშთები აღმოაჩინიეს. მახარაძის თქმით, მათ იპოვეს კერამიკისა და ტერაკოტის ფიგურების ნაშთები.

 

ზურაბ მახარაძე ჯერ ვერ საუბრობს დასახლების მნიშნელობაზე, რადგან ობიექტის ძალიან მცირე ნაწილია შესწავლილი. არქეოლოგებმა მხოლოდ ზედა ფენები, გვიანდელი ხანის ნამოსახლარი, შეისწავლეს. ჩვენს შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს დასახლება რელიგიური ცენტრიც ყოფილიყო, ამბობს, რომ საკურთხევლის ნაშთების აღმოჩენა შეიძლება იმასაც მიანიშნებდეს, რომ ეს საკურთხეველი სახლში იყო მოწყობილი.

 

“დედოფლის გორაზე” არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. მასში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტები არიან ჩართულნი. ექსპედიციას მინდია ჯალაბაძე (საქართველო) და ელენა როვა (იტალია) ხელმძღანელობენ. არქეოლოგები კიდევ მრავალ აღმოჩენას ელიან.

 

“ქვევით გათხრები ჯერ არ ჩასულა. ჯერ გაკეთებულია სტრატიგრაფიული ჭრილით ფენების დადგენა და ეს რომ გაითხრება, კიდევ რა გველოდება, კაცმა არ იცის,”– აცხადებს ზურაბ მახარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი