ხელოვნება

ადამიანის უფლებები თბილისის ფოტოფესტივალის ფოკუსში

27 მაისი, 2013 • 1534
ადამიანის უფლებები თბილისის ფოტოფესტივალის ფოკუსში

2013 წელს თბილისის ფოტოფესტივალის პროგრამაში გაერთიანებული გამოფენების სერია ადამიანის უფლებების თემატიკაზე ფოკუსირდება. 

 

“რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩინოვნიკებმა, მაინც პრობლემა რჩება პრობლემად. არ შეიძლება ამას არ მივაქციოთ ყურადღება. ერთი ადამიანის ყურადღებაც კი რომ მივიქციოთ, უნდა გავაკეთოთ ეს. მე მგონი 17 მაისმა კარგად გამოაჩინა, თუ რაოდენ მწვავეა ეს თემა, მით უმეტეს საქართველოში. ჩვენ თუ არ შევეცადეთ რაღაც სერიოზულ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ, მაშინ დიდი ხანი მხოლოდ ქაღალდზე და მხოლოდ ისე გვეცოდინება, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ამისთვის არავინ არაფერს არ გააკეთებს,”– განუცხადა ნეტგაზეთს ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თინა ლაღიძემ.  

 

თინას თქმით, მიუხედავად მცირე დროის გასვლისა, ფესტივალის დასასრულს თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების სესიაზე აუცილებლად შეიტანენ მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტომასალას: 

 

“ფოტოგრაფიის ღამეს” აუცილებლად იქნება იქნება ერთი სერია. ერთ–ერთ ეკრანზე, სადაც ქართველი ფოტოგრაფები იქნებიან წარმოდგენილი ეს მოვლენები იქნება ასახული.” 

 

ფესტივალის პროგრამა თანამედროვე ფოტოგრაფიის ისეთი ვარსკვლავებისა და უმაღლესი ფოტოგრაფიული ჯილდოების მფლობელების ნამუშევრებს აერთიანებს გამოფენების სერიაში და „ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში“, როგორებიც არიან: ანტუან დაგატა (Magnum Photos), იური კოზირევი (NOOR Agancy), პეპ ბონე (NOOR Agancy) სტენლი გრინი (NOOR Agancy), ანდრეა ბრუსი, ფანჩესკო ზიზოლა, იუსტინა მელნიკევიჩი, ნევშა თავაქოლიანი.

 

2013 წლის თბილისის ფოტოფესტივალის პროგრამა გამოფენების გარდა, საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ციკლსაც აერთიანებს. ფოტოფესტივალი წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ცნობილი და პრესტიჟული ფოტოსააგენტოს “NOOR”, რომლის წევრებიც უკანასკნელი წლების მანძილზე მსოფლისო მასშტაბით ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტირებაზე მუშაობენ.

 

“მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეეძლება ამის ნახვა.  წელს მოწვეული არიან საპატიო სტუმრები ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზებისთვის ასეთი ტიპის ფესტივალებს მე ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არის რომ ამ ოთხი წლის განმავლობაშ მერია მხარში უდგას ამ ფესტივალის ორგანიზებას, ჩატარებას,”– განაცხადა მხატვრის სახლში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ქაცარავამ, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

 

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა ფოტოკონკურსის მზარდ შესაძლებლობებეზე ისაუბრა:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ფოტოფესტივალი გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივად გადაიქცა. ჩვენს საზოგადოებას ამ ფესტივალის საშუალებით ეზიაროს საუკეთესო ნაწარმს ფოტოხელოვნებისა.”

 

თბილისის ფოტოფესტივალს სამი ფოტოგრაფი ქალის იუსტინა მელნილევიჩის, დანა პოპასა და ნევშა თავაქოლიანის, ფოტოგამოფენა გასხნის. სამივე ფოტოგრაფის მთავარი თემა ქალების უფლებრივი მგომარეობის ასახვაა. გამოფენა 28 მაისს აბანოთუბანში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე, 19 საათზე გაიხსნება სსახელწოდებით: “ტრანსგრესია: 1. მამაკაცის მომავალი…”

 

იუსტინა მელნიკევიჩის “ჩვენი მკერდი არ იკბინება” უკრაინული ფემინისტური ორგანიზაციის “FEMEN” აქტივობების ფოტოდოკუმენტირებას ახდენს. პროექტი 2011 წელსაა შექმნილი. დანა პოპას “არა ნატაშა” (2006–2008) ყრეფიკინგის მსხვერპლინ ქალების ისტორიებს ფოტოებზე ასახავს. როგორრც თვითონ ამბობს, “ეს არის ქალების მიმართ ძალადობის გავრცელებული ფორმის შესწავლის მცდელობა”. 

 

ირანელი ნევშა თავაქოლიანის “უსმინე” (2010)  იმ ირანელი ქალების შეუმდგარი ჩანაწერების ყდებს განასახიერებს, რომლებსაც 1979 წლის კანონის მიხედვით, საჯაროდ სიმღერა აეკრძალათ. 

 

“ჩემთვის ქალის ხმა ის ძალაა, რომლის ჩახშობაც საზოგადოებაში დისბალანსს და ყველაფრის დეფორმაციას გამოიწვევს. პროექტი “უსმინე” ამ დიდებული ხმის ექოა”– ამბობს ნევშა. 

 

ძველი თბილისის ქუჩებში: აბანოთუბნში, მეიდანზე, ლესელიძეზე, შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, გუდიაშვილის ბაღში, იერუსალიმის მოედანზე, აბო თბილელის ქუჩაზე, გ. აბესაძის ქუჩაზე, დამთვალიერებლებს მსოფლიოს საუკეთესო და უახლესი ფოტოგრაფიული პროდუქციის ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

 

თბილისის ფოტოფესტივალის კვირეული სამშაბათს, აბანოთუბანში ღია ცის ქვეშ ინსტალირებული გამოფენით გაიხსნება. ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე” 1 ივნისს გაიმართება. 21:30 საათზე დადგეგმილი ღონისძიება ღია ცის ქვეშ ინსტალირებულ ათ ეკრანზე მოწყობილ გამოფენას გულისხმობს.

 

ფეტივალის ერთ–ერთი ბოლო გამოფენა დაეთმობა ქართველი ფოტოხელოვანის გურამ წიბახაშვილის 1986–200 წლებში გადაღებულ ფოტოებს. გამოფენა სახელწოდებით “ზღვარზე: საქართველო 1986–2000”,  4 ივნისს 20 საათზე ქარვასლაში გამოიფინება. 

 

“ეს არის დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომელიც დოკუმენტურად ასახავს ყოფას მაშინდელს. ნებისმიერი ფოტოგრაფი სუბიექტურად აღიქვამს ობიექტურ რეალობას, მაგრამ მეტნაკლებად ეს არის რეალობა, რომელიც მაშინ არსებობდა. ადამაიანს აქვს კარგი უნარი დაივიწყოს ბევრი ცუდი. იმ ფოტოებში უფრო მძაფრად ჩანს ის ყველაფერი, რომელიც ჩვენ ალბათ უკვე დაგვავიწყდა,”– განუცხადა ნეტგაზეთს გურამ წიბახაშვილმა. 

 

ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი იქნება ფრანგი ფოტოგრაფის ანტუან დაგატას ნამუშევრები სახელწოდებით VORTEX. გამოფენა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მსოლფიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ღამის ცხოვრების ქრონიკებია. პროექტი ეხება ნარკომანიისა და პროსტიტუციის ზემოქნმედება ადამიანის ცხოვრებაზე.

 

“ფოტოგრაფიის ღამის” უშუალო პარტნიორი არლის ფესტივალია, რომელიც არსებული შეთანხმების შედეგად თბილისის ფოტოფესტივალს თავისი პროგრამის საუკეთესო ნაწილს აწვდის. თბილისელებს და ფესტივალის სტუმრებს მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების, ცნობილი სააგენტოების და საერთაშორისო პერიოდიკული გამოცემების მიერ მომზადებული უახლესი ფოტოპროდუქციის ნახვის უნიკალური შანსი ეძლევათ.

 

“ფოტოგრაფიის ღამის” პროგრამა ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების გარდა, ქართველი, სამხრეთ კავკასიელი, უკრაინელი, რუსი, ეგვიპტელი, ერაყელი ფოტოგრაფების სლაიდშოუების ხილვის შესაძლებლობასაც მისცემს ფესტივალის სტუმრებს, რომელიც უკანასკნელი 4 წლის მანძილზე “ფოტოგრაფიის ღამის” მეშვეობით ასობით ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევარს ეცნობა ერთი ღამის განმავლობაში.

 

„თბილისი ფოტოფესტივალი 2013“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ფოდნის “ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის პარტნიორთა შორის არიან: არლის საერთაშორისო ფოტოფესტივალი, “National Geographic” საქართველო, “საქართველოს ავიახაზები”, “შატო მუხრანი”, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, მწერალთა სახლი, ჯგუფი “არდი”, რადიო თავისუფლება, გალერეა “კონტეინერი”, VTGeorgia.

 

„Tbilisi Photo Festival“, ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიის ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2010 წლიდან ტარდება თბილისში. ფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობის კულტურული ღონისძიების სახელი უკვე დაიმკვიდარა და ტრადიციისამებრ თავს უყრის საერთაშორისო ფოტოგრაფიულ ელიტას – ცნობილ ფოტოგრაფებს და კურატორებს, საერთაშორისო პერიოდიკული გამოცემების რედაქტორებს და ევროპის ცნობილი სამუზეუმო სივრცეების წარმომადგენლებს; ასევე, რეგიონის ახალგაზრდა ფოტოგრაფებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ერაყიდან…”– ნათქვამია თბილისის ფოტოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

ფესტივალის ფორმატში მოწყობილ გამოფენებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი