ხელოვნება

პეპლების გამოფენა აბრეშუმის მუზეუმში

14 მაისი, 2013 • 3409
პეპლების გამოფენა აბრეშუმის მუზეუმში

16 მაისს აბრეშუმის მუზეუმში პეპლების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე 300–მდე დღის და ღამის პეპელა გამოიფინება.

 

გამოფენაზე აბრეშუმიხვევიას პეპლების გარდა ყველა კონტინენტზე არსებული პეპლების ექსპონატები იქნება წარმოდგენილი. მუზეუმის კოლექციაში პეპლების უმეტესობა 110–130 წლისაა. მათ გვერდით ახალი ექსპონატებიც გამოიფინება. აბრეშუმის მუზეუმის ცნობით, ახალი ექსპონატები იმ ძველი მოდელების მიხედვითაა შექმნილი, რომლებიც წლების განმავლობაში არასათანადო პირობების გამო განადგურდა.

 

მუზეუმი გამოფენს ბიოლოგ ვალერი პეტროვისგან საჩუქრად მიღებულ პეპლებს, რომელსაც თავად ბიოლოგმა ჩაუტარა რესტავრაცია.

 

“დღეს მუზეუმის კოლექციაში არის 161 სახეობის 314 პეპელა, აქედან 138 ეგზემპლარი აღდგენილი, ხოლო 23 განადგურებული სახეობების ახალი ნიმუშებია. პეპლების კოლექციასთან ერთად გამოიფინება 16 ფურცელი  XIX საუკუნის ცნობილი ენტომოლოგის, ალბერტ ზაიცის რარიტეტული ალბომიდან „მსოფლიოს პეპლები“,– ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება და იგი ერთ თვეს გაგრძელდება. მუზეუმის ადმინისტრაცია გამოფენის პარალელურად მოზარდებისა და უფროსებისთვის 18 და 26 მაისს ვორკშოპების ჩატარებას გეგმავს.

 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა. მისი შენობის არქიტექტორია ალექსანდრე შიმკევიჩი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა. მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი XIX საუკუნეს განეკუთვნება და წარმოშობით  61 ქვეყნიდანაა. მუზეუმში დაცულია შემდეგი კოლექციები: თუთის ხე და მისი პროდუქტები, აბრეშუმის ჭიის ბიოლოგია, აბრეშუმის პარკი, პეპლები, აბრეშუმის ძაფი, ქსოვილი, აბრეშუმისგან დამზადებული მრავალგვარი ნაწარმი, საღებავები, შრომის იარაღები და დაზგები, მოდელები და თვალსაჩინოება, ფოტოარქივი.

მასალების გადაბეჭდვის წესი