გამოფენაზე ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის, ქართულ სივრცეში სპორტული მატიანეს ერთ-ერთი ავტორის 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, კარიერის დასაწყისში, ალექსანდრე კოტორაშვილი კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და სპორტული პროფესიული ჟურნალ “მართვეს” კორესპონდენტად მუშაობდა. 70-იანი წლებიდან დღემდე კი ცნობილი სპორტული გაზეთის “ლელოს” კორესპონდენტია.
ფოტოგრაფს მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, არის ღირსების ორდენისა და რიგი პრემიების ლაურეატი, აგრეთვე, თბილისის, მოსკოვის, პეტერბურგის, გერმანიის, პოლონეთისა და იაპონიის ფოტოკონკურსების მონაწილე და გამარჯვებული.
სანდრო კოტორაშვილის პერსონალური გამოფენა იმ ძიებებსა და გზებს აჯამებს, რომელიც ფოტოგრაფმა მრავალფეროვანი მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე გაიარა, ასახავს მის დაგროვილ გამოცდილებასა და ოსტატობას და შეჩერებული წამების დინამიკით დამთვალიერებლისათვის ემოციურ, იმპულსურ სპორტულ სინამდვილეს წარმოაჩენს.