ახალი ამბები

“შევეცდებით, გავაუმჯობესოთ ჩვენი წესები” – World Press Photo გამოეხმაურა ქართველი ფოტოგრაფების განცხადებას

1 აპრილი, 2025 •
“შევეცდებით, გავაუმჯობესოთ ჩვენი წესები” – World Press Photo გამოეხმაურა ქართველი ფოტოგრაფების განცხადებას

World Press Photo განცხადებას ავრცელებს მათ მიერ დაჯილდოებული რუსი ჟურნალისტის, კრემლის პროპაგანდისტული მედია TASS-ის რეპორტიორის, მიხაილ ტერეშენკოს შესახებ. ფოტოზე, რომლითაც ტერეშენკომ World Press Photo 2025-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციაა ასახული.

World Press Photo-ში აცხადებენ, რომ შეეცდებიან გააუმჯობესონ კონკურსის წესები და პროცედურები იმ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობების მიერ მართულ მედიებში მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცესში კონსულტაციებს გაივლიან, მათ შორის, ქართველ და უკრაინელ ფოტოგრაფებთან.

“ჩვენ შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი წესები და პროცედურები იმ ფოტოგრაფების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლირებად სააგენტოებში მუშაობენ. ამ პროცესში კონსულტაციებს გავივლით ფოტოგრაფებთან, რომლებიც მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველო და უკრაინაა. ასევე სხვა ადგილებში, სადაც რეპრესიული რეჟიმები მოქმედებს და ფოტოგრაფები ხშირად ცდილობენ კარგი სამუშაოს შესრულებას რთულ პირობებში”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

World Press Photo განმარტავს, რომ ჟიური გამარჯვებულ ნამუშევარს ანონიმურად არჩევს. მათ არ იციან, ვინ არის ფოტოს ავტორი, ან რომელ მედიას წარმოადგენს. მხოლოდ ხაზს უსვამენ, რომ მუდმივად ამოწმებენ ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენების ნამდვილობას და ფოტოგრაფის მიერ ფოტოს აღწერის სიზუსტეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ ნაწილში ტერეშენკოს ფოტოს პრობლემა არ აქვს. თუმცა აღნიშნავენ, რომ “არასასიამოვნო ფაქტია”, როცა ფოტო ისე შეირჩევა, როცა ყურადღება არ ექცევა არათუ ავტორის სამუშაო სივრცეს, არამედ მის შეხედულებებსაც.

განცხადებაში მათ ვრცლად აღწერეს ის კონტექსტი, რომელიც შეიქმნა რუსი პროპაგანდისტი ფოტოგრაფის მიერ თბილისში, პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოს გამარჯვებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამდე რუსეთი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა. აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთს დღემდე აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულო. განცხადებაში საუბარია რუსულ კანონებზე, რომელსაც საქართველოში იღებენ, და ქართული საზოგადოების პროტესტზე. ასევე იმის შესახებ, თუ როგორი ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდებით უსწორდება პოლიცია პროტესტის მონაწილეებს. მათ შორის, ჟურნალისტებს.

“ამ კონტექსტში ბევრი ქართველი ფოტოგრაფი გაბრაზდა, რომ ამ პროტესტის გაშუქებისთვის დააჯილდოვეს რუსი ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ახალი ამბების სააგენტოში, რომელსაც დამსახურებულად აკრიტიკებენ მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო […]

ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ ჟურნალისტებს, რომლებიც აღბეჭდავენ რუსეთს ომს უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე პროტესტს, რათა მსოფლიომ ნახოს, ხშირად რამხელა რისკებისა და სირთულეების ფასად აკეთებენ ისინი ამას. ეს განსაკუთრებით ეხებათ ფოტოგრაფებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ამ ქვეყნებში. ომმა და პოლიტიკურმა კონფლიქტებმა მიაღწია იქამდე და მათ გადაწყვიტეს, აღბეჭდონ ეს”, – ვკითხულობთ World Press Photo მიერ გამოქვეყნებულ ახსნა-განმარტებაში.


მას შემდეგ, რაც World Press Photo 2025-ის ერთ-ერთ ნომინაციაში, თბილისის პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოს წყალობით, გაიმარჯვა რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხეილ ტერეშენკომ, ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“ჩვენ, ქართველ ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტებს, გვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს — ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში […]

გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს”, – წერია ქართველი ფოტოჟურნალისტებისა და დოკუმენტალისტების ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ტერეშენკომ საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ომი შეაფასა, როგორც “განმათავისუფელებლი” აქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი