ხელოვნება

ენდი უორჰოლის უცნობი ადრეული ნახატების ხელახალი აღმოჩენა

21 იანვარი, 2013 • • 2325
ენდი უორჰოლის უცნობი ადრეული ნახატების ხელახალი აღმოჩენა

300 ადრეული სურათი, რომელიც ახლა გამომზეურდა, 1990 წელს, არქივში მოთავსების შემდეგ ხელუხლებლად ინახებოდა და მათი აღმოჩენა მოულოდნელი იყო როგორც გალერისტ დეივიდ ბლაუსთვის, ისე Andy Warhol Foundation–ისათვის, რომლის ნიუ–იორკის საცავშიც ნამუშევრები ინახებოდა.  

Andy Warhol Foundation 1987 წელს დაარსდა, მხატვრის ანდერძის შესაბამისად. მისი მისია ვიზუალურ ხელოვნებათა განვითარებაა.

უორჰოლის აქამდე უცნობი ნახატები 1950–იან წლებს მიეკუთვნება და მხატვრის სავარჯიშოებსა და გავლენებს ჰფენს ნათელს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, “გოგონა სერიოზული სახით” (1954წ) და “ბიჭი მომუჭული ხელებით” (1951წ) უორჰოლს 22–23 წლის ასაკში აქვს შესრულებული. ეს  ადრეული ნამუშევრები უორჰოლის სხვა,  უფრო მგრძნობიარე მხარეს ამჟღავნებს და დევიდ ბლაუს თქმით, ეგონ შილეს უფრო გვაგონებს, ვიდრე პოპ არტს, რასთანაც უპირველეს ყოვლისა   ამერიკალი არტისტის სახელი ასოცირდება.

 

უორჰოლის გამოფენა
უორჰოლის გამოფენა

ახალაღმოჩენილი 300 ნახატი დევიდ ბლაუს რედაქტორებით მომავალ კვირას წიგნად გამოიცემა, სახელწოდებით – “From Silverpoint to Silver Screen”. დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში გამოფენილი 150–ამდე ნიმუში კი მოგვიანებით ჰოლანდიაში გადაინაცვლებს ექსპოზიციით, რის შემდეგაც მათი გაყიდვა-შეძენაც გახდება შესაძლებელი.

 

უორჰოლის ნახატები ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი ხელოვნების ნიმუშებია და ყოველთვის დიდ ფულს იზიდავს. 2008–ში მისი “ელვისები” 100 მილიონ დოლარად გაიყიდა, “თავისუფლების ქანდაკება” – 39 მილიონად. მომდევნო თვეში ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა–გაყიდვაზე კი სოთბის აუქციონი მის ესკიზს “ალფრედ ჰიჩკოკს” (1983წ) მყიდველს 10,000–15,000 ფუნტ–სტერლინგად შესთავაზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი