ხელოვნება

გურამ წიბახაშვილის ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად

20 დეკემბერი, 2012 •
გურამ წიბახაშვილის ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად

გამოფენის სახელწოდებაა „ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“.

 ეს თემა, ავტორის აზრით, დღეს ძლიერ აქტუალურია, თუმცა, რომ არა იღბლიანი შემთხვევა  და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ამჟამინდელი დირექტორის, ნინო ლეჟავას ინიციატივა, სტალინის კულტის თემაზე შექმნილ ამ კოლექციას, შესაძლოა, ჯერ კიდევ დიდ ხანს ვერ მიეღწია დამთვალიერებლამდე.


ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროს ეკუთვნის საქართველოში ტოტალიტარული წარსულის შესწავლისა და გააზრების ინიციატივა და 2009 წლიდან მოყოლებული აქტიურად უდგას სათავეში პროცესებს ამ მიმართულებით, როგორც ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ერთ-ერთ წინაპირობას.


უცნაური დამთხვევით, ნობელიანტი გერმანელი მწერალი, რომლის სახელსაც ფონდი ატარებს, და საბჭოთა ტერორის წამყვანი ფიგურა, იოსებ სტალინი, წლის ერთსადა იმავე დღეს არიან დაბადებულნი. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, 21 დეკემბერს გურამ წიბახაშვილის გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება.

ნეტგაზეთთან საუბრისას ფოტოხელოვანი, ზოგადად, სტალინის თემით მისი დაინტერესების ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ მისი, როგორც ეროვნებით ქართველის იდენტიფიცირება, თითქმის ყოველთვის, სტალინის სახელთან იყო დაკავშირებული. ამ არასასიამოვნო და უალტერნატივო იდენტიფიკაციამ ფოტოხელოვანს გადააწყვეტინა ამ კულტის გამოვლინების ნაშთები ეკვლია, როგორც მის გარემომცველ რეალობაში, ისე ქართულ მენტალობაში.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 50 ფოტო, რომლებისთვისაც მასალა ავტორმა სხვადასხვა კერძო კოლექციებსა და საჯარო თუ პრივატულ სივრცეებში მოიძია. ფანატიკურად გულწრფელი სიყვარულითა და ტიტანური შრომით შექმნილი სტალინის კერძო მუზეუმის (სოფელი ახალსოფელი) ამსახველ ციკლსა და დიდი ბელადის მონუმენტების გამოსახულებებთან ერთად, გამოფენა თავს უყრის ფოტოებს, რომლებიც თავისი ყოფითი კონტექსტებითა და სტალინისტური ვნებების კამერული გამოვლინებებით ნამდილ ტოტალიტარისტულ ძეგლებს იკვლევს – ძეგლებს  მენტალობაში.

გურამ წიბახაშვილის ფოტო
გურამ წიბახაშვილის ფოტო

ავტორს განსაკუთრებულად აღელვებს გავრცელებული ტენდენცია სტალინისტური წარსულის მატერიალურ გადმონაშთებთან ბრძოლისა და იმეორებს, რომ ძეგლებს ჩვენს გონებაში უნდა ვებრძოლოთ. „აკრძალვა ნიშნავს შიშს და იმის აღიარებას, რომ რასაც ებრძვი, ჯერ კიდევ ცოცხალია..“  საბჭოთა მენტალობა კი, მისი აზრით, არსებობას სხვა ფორმით განაგრძობს. მისი ნამუშევრებიც მოწმობენ დიდი ბელადის ახალი – პოლიტიკური, რელიგიური თუ სექსუალური – ხატებით ჩანაცვლების პროცესს.


ექსპოზიციაში შესულია აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „არტოს ბაღის“ შესასვლელთან არსებული საბჭოთა ბარელიეფის ფოტო, რომელიც გურამ წიბახაშვილმა, უბრალო დამთხვევის წყალობით, მის განადგურებამდე ერთი კვირით ადრე გადაიღო. ბარელიეფზე განმეორებადი და მომგებიანი ტოტალიტარული თემა –  „სტალინი და ბავშვები“ იყო გამოსახული. „ბარელიეფის განადგურების ოფიციალური მიზეზი სამანქანო მოძრაობის შეფერხება იყო…“ – ამბობს წიბახაშვილი, გულისწყვეტით, რომ ბელადებისა და ბავშვების მოტივი არსებობას განაგრობს, ბარელიფები საბჭოთა წარსულიდან და მათთან ერთად კი, ქალაქის ისტორია  ნადგურდება.

გამოფენას „ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“ წინ უძღვოდა ფოტოების გამოფენა ქალაქ ბერლინში. ამ პროექტის ფარგლებშივე ფოტოკოლექცია გამოიცა წიგნად, რომლის პრეზენტაციაც, აგრეთვე, სტალინისა და ჰაინრიჰ ბიოლის დაბადების დღეს, 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.

გურამ წიბახაშვილის ფოტო
გურამ წიბახაშვილის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი