ხელოვნება

ვარძიის გადასარჩენად აღდგენითი სამუშაოები დაიწყო [VIDEO]

19 ოქტომბერი, 2012 • 2851
ვარძიის გადასარჩენად აღდგენითი სამუშაოები დაიწყო [VIDEO]

ადგილზე მუშაობენ ექსპერტები. მათი თქმით, თუკი სამუშაოები ხელის შეშლის გარეშე ჩაივლის, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი და კედლის უძველესი მხატვრობა გადარჩება.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვარძიის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.

ვარძიის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით სპეციალისტები ორი მიმართულებით მუშაობენ: პირველია ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაოების განხორციელება, მეორე – ვარძიის უძველესი მხატვრობის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.

ვარძია
ვარძია

ძეგლის სტრუქტურისა და მასალის გათვალისწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

კომპლექსს ყველაზე დიდ პრობლემას პერიოდულად ქვების ცვენა უქმნის, რომელიც მის კედლებს და სტრუქტურას აზიანებს.

დაზიანებებისგან თავის დაზღვევის მიზნით, რამდენიმე წელია, ვარძიის გადარჩენის პროგრამა ხორციელდება. ყოველი წლის ზამთრის დასაწყისში მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფი იმ ქვებს ხსნის, რომლებსაც ჩამოცვენა ემუქრება. პერიოდულად მიმდინარეობს ბზარების რედაქტირებაც, თუმცა, როგორც ამჟამად ადგილზე მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები მინიმალურია და ძეგლზე უფრო სერიოზული სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი.

იმისათვის, რომ ძეგლის უკეთესად შესწავლა მოხდეს, რამდენიმე თვის წინ კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს სპეციალური რადარი დამონტაჟდა.

“აღნიშნული რადარი დაახლოებით 4 თვის წინ დამონტაჟდა და გვაწვდის ყველანაირ ინფორმაციას მასების გადაადგილების შესახებ, მოძრაობას, დინამიკას და იძლევა საშუალებას, რომ დროზე იქნას მიღებული პრევენციული ზომები, იქნება ეს გასამაგრებელი თუ სხვა სახის სამუშაოები. ეს ინფორმაცია ყოველ 5 წუთში იგზავნება და სპეციალურ ბაზაში და მუშავდება. ჯერჯერობით, იმ პერიოდში, რაც რადარი დამონტაჟებულია, მნიშვნელოვანი და საგანგაშო გადაადგილებები არ გამოვლენილა, თუმცა ამ მონაცემების დამუშავებაში ეს ჯგუფი ჩართულია და უფრო დეტალურად შესწავლის შემდეგ სამუშაოებს საჭიროების მიხედვით განახორციელებენ”, – აღნიშნავს
პროექტის ერთ–ერთი თანამონაწილე რეზი სახვაძე.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე ვანო ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ამჟამად ვარძიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს:

“ამ ძეგლის შენარჩუნება საჭიროებს გარკვეულ ცოდნას გეოლოგიის და მდგრადობის კუთხით, დაახლოებით ერთი წლის წინ სააგენტომ დაიწყო პროექტი მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი. პირველ რიგში, ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩევნ შევიძინეთ აღნიშნული რადარი, რომელიც მონაცემებს აფიქსირებს, რაც თბილისის შემდეგ  იტალიის ოფისს გადაეცემა და ფიქსირდება, რაიმე ძვრა ხომ არ არის, აღირიცხება მილიმეტრიანი ცვლილებებიც კი. სპეციალურად ჩამოყვანილი 12 სპეციალისტი, საბერძნეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამ დარგში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან. ჩვენი ამოცანაა, როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე მათი მხრიდან რეკომენდაციების მიღება, თუ რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს”, – აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.

ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაოების განხორციელებას იტალიელი ქვის კონსერვაციის ექსპერტი, იუნესკოს წარმომადგენელი კლაუდიო მარგოტინი აკონტროლებს, ხოლო მხატვრობის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას – ლონდონის უნივერსიტეტის, კურტოს ინსტიტუტის, კედლის მხატვრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი და კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე შერონ ქეთერი.

“პირველ რიგში, ჩვენი მოვალეობაა– აღმოვაჩინოთ, აღვწეროთ და თითოეული პრობლემა ცალკე შევისწავლოთ, მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რადგან ის, რაც აქ არის წარმოდგენილი, რვაასი წლის წინანდელია და ამას დიდი მუშაობა სჭირდება, ვარძია არის უნიკალური ძეგლი”, – აცხადებს შერონ ქეთერი. მისი თქმით, პროექტი ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან პრობლემურ კერებზე გრძელვადიანი მუშაობაა საჭირო.

მხატვრობის შესწავლის პირველი ეტაპი თვენახევრიანია და ის უკვე დაიწყო, პროცესში ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად სტუდენტებიც არიან ჩართული.

“მხატვრობის მდგომარეობა არის ძალზე მძიმე, 50–იანი წლების მერე აქ არ ჩატარებულა რესტავრაცია, ნალესობა მთლიანად მოცილებულია კედელს, ფერი არის გაფხვიერებული და რაც ყველაზე პრობლემურია, დაფარულია დიდი რაოდენობით ჭუჭყით, ჭვარტლით და მეთოდების შერჩევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსერვაცია, არის ძალიან რთული”, – აცხადებს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სრული პროფესორი ნანა კუპრაშვილი. მისივე თქმით, კვლევის პროცესი ყველაზე შრომატევადია:

“ძირითადად, რაც ყველაზე პრობლემურია, ეს არის კვლევითი ეტაპი, თუ რამ დააზიანა, რა ტიპის დაზიანებებია და ამის შემდეგ უკვე უნდა შეირჩეს საკონსერვაციო მასალები. ეს არის რთული, მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესი. ახლა მიმდინარეობს ტესტირებები, ხდება დოკუმენტაციის მოგროვება, შემდეგ ეს ყველაფერი დამუშავდება, როგორც კურტოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში, ასევე ჩვენთან. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ის, რომ გადარჩეს მხატვრობა, თუკი ეს პროექტი გაგრძელდა და იმედია ხელს არაფერი არ შეგვიშლის, ჩათვალეთ, რომ ვარძიის მხატვრობა გადარჩება”, – აღნიშნავს ნანა კუპრაშვილი.

ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში ამ დროისთვის მონაწილეობას იღებენ მეწყერების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო ქსელის წამყვანი სპეციალისტები იტალიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან და ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის, მონუმენტური ფერწერის კონსერვაციის სპეციალისტები.

ქართული მხარეს წარმოადგენენ: ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ინსტიტუტის, სამხატვრო აკადემიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

პირველადი სამუშაოები მათ 16–19 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარე ვორქშოფის ფარგლებში შეაჯამეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლს წლების მანძილზე საკმაოდ მრავალი დაზიანება აქვს მიღებული, მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვარძია ქვეყნისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია, რომელიც როგორც ქართველ, ასევე უცხოელი ტურისტებს მრავლად იზიდავს.

ვარძია
ვარძია

ვარძია ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდებარეობს. სამონასტრო–საცხოვრებელი კომპლექსი XII – XIII საუკუნეებით თარიღდება და კლდეში ცამეტ სართულადაა ნაკვეთი. კომპლექსი ასობით გამოქვაბულს, დარბაზს, ასევე მცირე ეკლესიას, სამალავებს და გვირაბებს მოიცავს. მის სიღრმეში ბუნებრივი წყარო და 3.5 კილომეტრის სიგრძის წყალსადენი ტრასაა. 

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლის 24 ოქტომბერს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში შევიდა.

 

 

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი