ხელოვნება

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაიხსნება

7 აგვისტო, 2012 • 3810
ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაიხსნება

ახალი მუზეუმების გახსნის იდეას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, თუმცა, მათივე მოსაზრებით, “მაშინ, როცა უკვე არსებულ მუზეუმებში ფონდების გადარჩენის საკითხი ეჭვქვეშ დგას, აჯობებდა, ჯერ მათთვის მიეხედათ.”

 

ახალი ცვილის ქანდაკებების მუზეუმის გახსნა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში იგეგმება, სადაც ცოტა ხნის წინ რესტორანი “სოკო” ფუნქციონირებდა. სახლი, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ცნობილ ვაჭარს, ლაზარე ბინიათოღლის, თამბაქოს პირველ მრეწველს ბათუმში, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია. სწორედ ამიტომ ამ სახლში განთავსებულ ცვილის მუზეუმში ერთ-ერთი მათგანი ბინიათოღლის ცვილის ფიგურა იქნება. ორგანიზატორები მუზეუმისთვის კიდევ რამდენიმე ცნობილი ბათუმელის ცვილის ფიგურის დამზადებასა და ძველი ბათუმის ისტორიიდან სხვადასხვა ეპიზოდის გაცოცხლებას გეგმავენ.

 

ცვილის მუზეუმის გახსნის სავარაუდო თარიღად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი თენგიზ ცინცაძე 20 სექტემბერს ასახელებს.

 

“აგვისტოს ბოლოს დასრულდება სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც მას გახსნისთვის მოვამზადებთ.”

 

ცვილის ფიგურების მუზეუმი ამ სახლში გაიხსნება
ცვილის ფიგურების მუზეუმი ამ სახლში გაიხსნება

მიუხედავად იმისა, რომ ცვილის მუზეუმის გახსნამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, სააგენტოს ჯერ კიდევ არ აქვს განსაზღვრული, თუ ვის ჩააბარებს მის მართვას. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცვილის ქანდაკებებისა და დანარჩენი სამი მუზეუმის დასაკომპლექტებლად, რომელთა გახსნასაც მომავალ წელს გეგმავენ, სააგენტო კონკურსს გამოაცხადებს, რის საფუძველზეც თანამშრომლებს შეარჩევენ.

 

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ძველ აბანოებში კი იარაღის მუზეუმის გახსნა არის დაგეგმილი. თენგიზ ცინცაძის ინფორმაციით, ეს მუზეუმი აჭარაში დაცულ იარაღის ყველა ექსპონატს გააერთიანებს:

 

“გარდა ამისა, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე კოლექციონერთანაც იმისათვის, რომ განსაზღვრული ვადით, თხოვების უფლებით, მათ კოლექციაში არსებული იარაღი მუზეუმში გამოიფინოს და მათი ნახვის საშუალება ყველა დაინტერესებულს მიეცეს.”

 

რუსთაველის ქუჩაზე, ბავშვთა ბაღების გაერთიანების ყოფილ შენობაში კი, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხელნაწერთა მუზეუმს განათავსებენ. სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპონატების დამუშავება-გამოფენისთვის უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი მუზეუმი, რომლის გამართვასაც სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად მომავალ საკურორტო სეზონზე გეგმავს, ეს იქნება ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

 

“ამისთვის ადგილი ბოტანიკურ ბაღთან არსებულ ტერიტორიაზეა (ჩაქვის მხრიდან) შერჩეული.”

 

ახალი მუზეუმების გახსნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს არქეოლოგი ნინო ინაიშვილი, თუმცა, მისივე მოსაზრებით, აჯობებდა, ხელისუფლებას ჯერ უკვე არსებული მუზეუმების პირობების გაუმჯობესებაზე ეზრუნა, ჯერ ამ კუთხით მიემართათ დაფინანსება და შემდეგ წამოეწყოთ ახლის მშენებლობები:

 

“მე არ ვარ სიახლის წინააღმდეგი, მაგრამ რამდენ ხანს იმუშავებენ ადამიანები მუზეუმებში ენთუზიაზმით? – მათი ანაზღაურება მიზერულია.” – ამბობს არქეოლოგი ნინო ინაიშვილი.

 

ბათუმის მუზეუმების დირექტორების ხელფასი ყოველთვიურად 545 ლარია, სპეციალისტების კი – 350 ლარამდე.
განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს ბათუმის ხელოვნების მუზეუმს 3635 ვიზიტორი ჰყავდა, არქეოლოგიური მუზეუმი კი 3128-მა დაათვალიერა, 6075 ადამიანი სტუმრობდა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს.
დღეისათვის აჭარაში 15 მუზეუმი მოქმედებს, მათ შორის ორი მუზეუმ-ნაკრძალი და ერთი ციხე-მუზეუმია.

 

გია აბულაძის ინფორმაციით, თითოეული მუზეუმი შემოსავალს თავად განკარგავს, დამატებითი თანხით კი მათ სამინისტრო ეხმარება. მინისტრის თქმით, მომავალ წელს მუზეუმების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით უცხოელი სპეციალისტების მოწვევა იგეგმება.

 

რაც შეეხება აჭარის ოქროს ფონდის გამოფენას, გია აბულაძის ინფორმაციით, საგანძური აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში აგვისტოს თვის პირველ ნახევარში გამოიფინება – “ამ დროისათვის ზუსტდება მის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები”.

 

კითხვაზე, როგორ გადაწყდა ამ საგანძურთან დაკავშირებული დავა აჭარის არქეოლოგიურ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს შორის (ოქროს გამოფენაზე პრეტენზია ორივე მუზეუმს აქვს), მინისტრმა უპასუხა, რომ საგანძურის ერთ ნაწილს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი