ხელოვნება

ქეთა შათირიშვილი: “რომეო და ჯულიეტას” თამაში არასოდეს მომბეზრდება”

21 ივნისი, 2012 • 3070
ქეთა შათირიშვილი: “რომეო და ჯულიეტას” თამაში არასოდეს მომბეზრდება”

ქეთას დებიუტი 13 წლის ასაკში გიორგი ბერიძის ფილმში “ეტიური N6” შედგა:

“სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ჭირდებოდათ “რიჟა” გოგო, გავიარე კასტინგი და ვითამაშე პირველი როლი. ერთი კვირა გვქონდა გადაღებები და მახსოვს, მომცეს ანაზღაურება 200 ლარი, რომელიც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ეს იყო ჩემთვის შოკი, მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დედას ფულის რაღაც ნაწილი მივეცი”, – ამბობს მსახიობი.

ქეთას თქმით, იმაში, რომ მან სამსახიობო კარიერა აირჩია, ძალიან დიდი წვლილი სწორედ დედამისს მიუძღვის:

“ბავშვობიდან შემაყვარა ეს საქმე, დავყავდი ბალეტზე, სიმღერაზე, თეატრალურ სტუდიებში და ყოველთვის ვიცოდი, რომ სამსახიობოზე ჩავაბარებდი, მაგრამ როცა ჩაბარების მომენტი დადგა, უცბად, არ ვიცი, საიდან მოვიტანე, დედაჩემს გამოვუცხადე, რომ ვაბარებდი იურიდიულზე. მთელი კლასი იურიდიულზე აბარებდა და ალბათ იმათი გავლენით. სხვა მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ურჩევენ შვილებს, ისეთი პროფესია აირჩიონ, სადაც შეიძლება მატერიალური მოგება მეტი იყოს, დედაჩემი პირიქით მოიქცა და გადამარწმუნა, რისთვისაც ახლა მადლობელი ვარ.”

მარნაჯიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პირველივე კურსზე მოხვდა:

“ჩვენი პედაგოგი გიზო ჟორდანია იყო, ერთ–ერთი მთავარი რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში და პირველივე კურსიდან მიგვიყვანა თეატრში, სადაც თავიდან მასობრივ სცენებში გვათამაშებდა. მათ შორის ერთ–ერთი სპექტაკლი იყო “პიგმალიონი”, რომელიც დღემდე სცენაზეა. მერე ნელ–ნელა უფრო სერიოზული როლები მივიღე, საკურსო ვითამაშეთ მარჯანიშვილის თეატრში და სადიპლომო – სამეფო უბნის თეატრში”.

სამეფო უბნის თეატრში 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალ “არდიფესტში” მონაწილეობისას ქეთამ პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია და გაიმარჯვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლში “ორი კუნძული შავ ზღვაში”:

“ასეთი შეთანხმება იყო, რომ “არდიფესტში” გამარჯვებულ მსახიობებს, კომპოზიტორს და რეჟისორს, ერთად უნდა დაედგათ საერთო სპექტაკლი და დაიწყო სპექტაკლ “სხვისი შვილების” დადგმა. ალბათ, “სხვის შვილებში” მქონდა პირველი ისეთი როლი, როდესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, არა იმიტომ, რომ სხვა სპექტაკლებს არასერიოზულად აღვიქვამ, უბრალოდ მგონია, რომ პირველი სერიოზული როლი იყო. სტუდენტობაში ბავშვები იმის მიხედვით განვსაზღვრავდით ხოლმე ჩვენი როლის სერიოზულობას, რამდენად დიდი ტექსტიც გვქონდა და აქ მივხვდი, რომ ძალიან დიდი ტექსტი მქონდა. პიესა საკმაოდ რთული იყო და ის ხერხი, რომლითაც დაიდგა სპექტაკლი, იყო ყველასთვის უცხო და მათ შორის ჩვენთვის, მსახიობებისთვისაც”.

სამეფო უბნის თეატრში დადგმულ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრის ფინანსური პრობლემების გამო სპექტაკლი დიდი შუალედებით იდგმებოდა. სწორედ “სხვისი შვილების” რეჟისორმა, დათა თავაძემ ურჩია ქეთა შათირიშვილს მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის „R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია – რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა“ სინჯებზე მისვლა:

“კასტინგი ისეთი საინტერესო იყო, რომ მივხვდი, რაღაც სხვასთან მქონდა საქმე. ისე მოხდა, რომ ამირჩია და პირველივე რეპეტიციაზე იმდენი გავიგე, რაც ამდენი ხანი ვისწავლე უნივერსიტეტში და არ გამიგია. მეთოდებიც განსხვავებული აქვს, გადმოცემის უნარიც. ისე გაგებინებს ყველაფერს, მარტივად. იგებ ისეთ რამეებს, რაც თითქოს იცოდი, მაგრამ არ დაკვირვებიხარ”, – ამბობს ქეთა შათირიშვილი, მისი თქმით, მიხეილ მარმარინოსთან მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი გამოცდილება იყო მის ცხოვრებაში და ესაა სპექტაკლი, რომლის თამაშიც არასოდეს მობეზრდება:

“რამდენი ხანიც გინდა ვითამაშო, მგონია, რომ არასოდეს მომბეზრდება, ყველაფერი განცდებს და ემოციებს უკავშირდება და ეს ყველაფერი, რასაც სპექტაკლისას განვიცდი, იმდენად მართალია და არა – ყალბი და ძალით გამოწვეული, რომ ეს არ გღლის”.

სპექტაკლების გარდა, ქეთას რამდენიმე როლი მოკლემეტრაჟიან თუ სრულმეტრაჟიან ფილმებშიც აქვს ნათამაშები, თუმცა მომავალში საკუთარ თავს მაინც თეატრში ხედავს:

“კინოში ყველაფერი რაღაც სწრაფად ხდება და ვერ ვერგები, ვთვლი, რომ მაქსიმუმს ვერ ვაკეთებ იმ მომენტში და მერე ნერვები მეშლება, რომ კიდევ ერთი დუბლის საშუალება არ მაქვს. სპექტაკლში უფრო ხვეწ შენს ნამუშევარს და მუდმივად ვითარდები.”

ამჟამად მსახიობი რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლზე “როგორც გენებოთ” მუშაობს, რომლის პრემიერაც ლონდონში შედგა, თბილისური პრემიერა კი სექტემბერშია დაგეგმილი:

“ივლისში კიდევ ერთ სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას და შემდეგ მთელი 2012-2013 წელი მოგზაურობის წელი მექნება იმიტომ, რომ ოქტომბერში მარჯანიშვილის თეატრიდან ინდოეთში მივდივართ, თებერვალში – არგენტინაში და ძალიან ბევრი ტურნეა უკვე დაგეგმილი. ყველგან ჭოლას სპექტაკლი “როგორც გენებოთ” მიგვაქვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი