ხელოვნება

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა გაიხსნა [VIDEO]

21 მაისი, 2012 • 2807
ირაკლი ფარჯიანის გამოფენა გაიხსნა [VIDEO]

გია გოკიელის, ალექსანდრე კაკაბაძის, არჩილ დარჩიას და გურამ წიბახაშვილის კოლექციებში დაცული ექსპონატების მოძიებაში, გია ქარჩხაძის თქმით, გამომცემლობას ირაკლი ფარჯიანის მეუღლე, ასმათ ფარჯიანი დაეხმარა. მან მხატვრის ის ნამუშევრებიც წარმოადგინა, რომლებიც ოჯახის პირად კოლექციაში ინახებოდა.

ალბომში ფარჯიანის 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, ასევე, შესულია მისი ბიოგრაფია და გამოყენებულია ციტატები ირაკლი ფარჯიანის მიერ გია გოკიელისადმი მიწერილი წერილებიდან.

”ჩემთვის მთავარი ხატვაა და ვხედავ, რომ მის გარეშე ნახევარი კაციც არა ვარ. აბა, წარმოიდგინე, კითხულობ რაღაცას, განიცდი, ხედავ და გინდა დახატო და ვერ ახერხებ, მერე კიდევ კითხულობ… და ა.შ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ავსება და ვერგადმოღვრა”, – წერს მხატვარი.

მძიმე დაავადების გამო მას ზეთის საღებავებით ხატვა აუკრძალეს, თუმცა ხატვა არასოდეს შეუწყვეტია.

– ”ხატვის გარეშე ცხოვრება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია,” – ამბობდა მხატვარი. ის 1991 წლის 23 დეკემბერს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს გამოფენილ ნამუშევრებს შორისაა როგორც მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები, ასევე, წიგნის ილუსტრაციები, რელიგიურ და მეტაფიზიკურ თემებზე შექმნილი ნამუშევრები და მცირე ზომის კამერული ნახატები.

“თიბისი გალერეაში” გამოფენა 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი