ხელოვნება

ანიმაციური ფილმები ნიქოზიდან

4 სექტემბერი, 2016 • 2634
ანიმაციური ფილმები ნიქოზიდან

ნიქოზამდე ჩასასვლელად თბილისიდან მანქანით სულ 2 საათია საჭირო. ძველი ავტობუსის მტვრიანი სალონი ხალხით მალევე ივსება და მცირე მგზავრობის შემდეგ, სოფლის ორღობეების გავლით, ნიქოზის ღვთაების ეკლესიასთან ვჩერდებით.

გორის მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ტერიტორიაზეა. დღეს სოფელი ხელოვნების სკოლითა და ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალითაა ცნობილი. ყოველწლიურად ფესტივალს ანიმატორები რამდენიმე ქვეყნიდან სტუმრობენ და ანიმაციის სკოლის მოსწავლეებისათვის მასტერკლასებს ატარებენ.

შეკრება წელსაც ეკლესიის გვერდით, ბაზილიკის ტიპის შენობაში იმართება. საფრანგეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებისათვის გახსნის ცერემონიაზე თავად სკოლის მოსწავლეები კლასიკურ მუსიკას უკრავენ.

ანიმაციის ფესტივალის ჩატარების იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის. რამდენიმე წელია ფესტივალს ვეღარ ესწრება, რადგან მთის ფერდობის მეორე მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. როგორც სახელოვნებო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, გელა კანდელაკი ამბობს, მიტროპოლიტმა ჩამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლოს.

ანიმაციის სკოლის გახსნის იდეაც მიტროპოლიტ ესაიას და გელა კანდელაკს უკუთვნით. სკოლა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიბომბა. მოგვიანებით იაპონიისა და პოლონეთის საელჩოების და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აღდგა და დღეს იქ 4 სოფლის მცხოვრები 120-მდე ბავშვი ხელოვნების სხვადასხვა სფეროსა და უცხო ენებს სწავლობს

ნიქოზის სახელოვნებო სკოლა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნიქოზის სახელოვნებო სკოლა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნიქოზის მცხოვრები, ნიკა ბოგვერიძე 14 წლისაა და ანიმაციის ფესტივალი წელს მისი და მისი მეგობრების საერთო ნამუშევრით იხსნება. როგორც ყოველთვის, ნახატი ფილმი სახარებისეული იგავის მიხედვითაა შექმნილი.

“ყოველ წელს ველოდებით ფესტივალის დაწყებას და მანამდე ვემზადებით. ფილმში ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. ესკიზებიდან- საბოლოო მასალამდე. სოფელში სხვა არც არაფერი გაქვს. დავდივართ მარტო სკოლაში და მერე საკვირაოში. თავისუფალი დრო როცა გვაქვს, ისევ აქ ვიკრიბებით,”- ამბობს ნიკა.

სოფელში მცხოვრები ბავშვებისათვის, როგორც თავად ამბობენ, ხელოვნების სკოლა ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც დამატებით განათლების მიღება, შეკრება და ერთმანეთის გაცნობაა შესაძლებელი. სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებული სახელმწიფო კონსერვატორიასა და აკადემიაში უკვე ჩაირიცხნენ, ამიტომ მშობლები სკოლის სახით მათი შვილებისათვის გაჩენილ პერსპექტივასაც ხედავენ.

ნიქოზის ანიმაციური კინოფესტივალი წელს ათობით ცნობილ ანომატორს მასპინძლობს. 01.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნიქოზის ანიმაციური კინოფესტივალი წელს ათობით ცნობილ ანომატორს მასპინძლობს. 01.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კორინ დეტომბი წელს ფესტივალზე ფრანგულ სტუდია “ფოლიმაჟს” წარმოადგენს. “ფოლიმაჟი” ყოველ წელს არტისტთა რეზიდენციის პროგრამას ახორციელებს, რომელშიც წელს ქართველმა ანიმატორმა, ანა ჩუბინიძემ მოიპოვა დაფინანსება. ანა ფილმზე სახელად “ჯიბის კაცი” ფრანგულ კინოსტუდიასთან ერთად მუშაობს. კორინ დეტომბმა მაყურებელს ფილმის ნაწყვეტები უჩვენა და ანიმაციის განვითარების შესახებ ისაუბრა.

ფესტივალს სტუმრობს იტალიელი ჯანალბერტო ბენდაზიც, რომელმაც მსოფლიო ანიმაციური ენციკლოპედია შექმნა და მასში ვრცლად შეიტანა ინფორმაცია ქართული ანიმაციის შესახებაც.

6 დღის განმავლობაში ფესტივალზე ცნობილი ანიმაციური სტუდიების მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები იმართება და მათ თავად ანიმაციური სტუდიის წარმომადგენლები წარადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი