ხელოვნება

“აფხაზეთი: მე–19 საუკუნე”

14 დეკემბერი, 2011 • 1531
“აფხაზეთი: მე–19 საუკუნე”

დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოალბომის “აფხაზეთი მე–19 საუკუნე” პრეზენტაცია მოეწყო.

ალბომი, რომელშიც მე–19 საუკუნის ამსახველი ფოტოები, ჩანახატები და სურათები შევიდა, ქართული და აფხაზური მხარეების ათწლიანი მუშაობის შედეგია:

“ფოტოალბომში–  “აფხაზეთი მე–19 საუკუნე”– ენგურს აქეთ არსებული მე–19 საუკუნის აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული მასალაა შესული, რომელიც მოძიებულია ფონდებში და ბიბლიოთეკებში 10 წლის მანძილზე. ერთ ოჯახში ჩემი სტუმრობისას, გავიაზრეთ რა, რომ ომის დროს მთლიანად განადგურდა ბიბლიოთეკები, დაიწვა მუზეუმები და ფონდები და საფრთხე შეექმნა აფხაზურ კულტურულ სივრცეს, მივიღე თხოვნა, რომ შეგევგროვებინა აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ენგურს აქეთ, იმ იმედით, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და ეს მასალა გამოგვადგება. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულება გააჩნია აფხაზური კულტურის მიმართ”, – აცხადებს ქართულ–აფხაზური ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია.

წიგნში 270 ნამუშევარია შესული, მიუხედავად იმისა, რომ მოძიებული მასალა გაცილებით მეტი იყო.

წიგნის პრეზენტაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, წიგნი იმის ამსახველია, თუ რამდენად ერთი ისტორიული გარემოს ნაწილი ვართ ქართველები და აფხაზები:

“ჩვენ მიზანმიმართულად არ გვინდოდა, ამ წიგნის გამოცემა რამენაირად სახელმწიფოს პროექტი ყოფილიყო, რათა ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი წიგნის მიკერძოებლობასთან დაკავშირებით. წიგნი ძალიან საინტერესოა რამდენიმე ასპექტით– ერთი მხრივ, აქ ძალიან კარგადაა ასახული, თუ რამდენად ერთნი ვიყავით აფხაზები და ქართველები. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წიგნი საერთო ნამუშევარია, ის შექმნილია იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წიგნის გამოშვებაში.”

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა ლიტვის საელჩო:

“ლიტვის საელჩოსგან საქართველოში და პირადად ბატონი ელჩისგან, იონას პასლაუსკასისგან, თავიდანვე ოპერატიული, უყოყმანო და გააზრებული მხარდაჭერა მივიღეთ”, – ამბობს ზურაბ შენგელია.

პრეზენტაციაზე თავად ელჩი იონას პასლაუსკასიც იმყოფებოდა:

“მე ძალიან მიხარია, რომ, როგორც იქნა, პროექტი დავასრულეთ, ასევე, მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში ჩვენმა საელჩომ დიდი წვლილი შეიტანა,” –განაცხადა იონას პასლაუსკასმა.

წიგნი,  რომელიც შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითმა ცენტრმა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა ერთობლივად მოამზადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი