ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ახლი შეზღუდვები

27 მარტი, 2012 • 1530
ეროვნული ბანკის ახლი  შეზღუდვები

ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის წილის მფლობელებისა და ადმინისტრტატორებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლება ეძლევა.

საქართველოს პარლამენტში  გასულ კვირას შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,  შესაბამისი ცვლილება “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში შედის.

კანონის მოქმედი რედაქციით, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები კონკრეტულად არის გაწერილი.

კერძოდ, პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

კანონის მოქმედი რეადქციის თანახმად,  პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ იგი სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ და იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ასევე, თუ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება და ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი.

კანონპროექტით კი, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება, ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.

კანონპრეოქტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი არიან. პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუწყია.

ახალ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ  საბანკო სექტორის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.  „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკს განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება: „ კანონში ცვლილება შეაქვთ და, შესაბამისად, კონკრეტულად უნდა ჩამოეწერათ კრიტერიუმები. როგორც ჩანს, ნორმატიულ აქტში ისეთი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, კანონში რომ  ვერ ჩაწერენ, რადგან აჟიოტაჟს გამოიწვევს. შიდა ნორმატიული აქტი დახურული დოკუმენტია, რომელსაც კანონის ძალა აქვს. კანონი კომერციული ბანკების შესახებ კი  საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.“

ჯავახიშვილის შეფასებით, ეროვნულ ბანკს ამ ცვლილებით განუსაზღვრელი უფლება ენიჭება და ნორამატიულ აქტში ის კრიტერიუმი ჩაიწერება,  რაც ბანკის ადმინისტრაციას უნდა:  „წარმოდგენილ პაკეტში წინადადებაც კი არ წერია იმის შესახებ, ეს კრიტერიუმი ბანკის მფლობელის  საბანკო საქმიანობას შეეხება, თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას,“– ამბობს ჯავახიშვილი.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რა დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორისათვის,  (ეროვნული ბანკის შიდა ნორმატიულ აქტში) უცნობია.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ჯერ კანონპროექტი უნდა დამტკიცდეს და კონკრეტულ განმარტებებს შემდეგ გააკეთებენ.
„საქართველოს ეროვნულ ბანკს 2002 წლის შემდეგ აქვს დადგენილი კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები, რომლითაც ბანკები დღემდე ხელმძღვანელობენ. მოცემული ცვლილებით სწორდება მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში, თუმცა რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი, არ განმარტავენ.

კანონპროექტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს მისი ავტორი პარლამენტარი ანდრო ალავიძე. მისი თქმით, თუ რა ტექნიკური ხარვეზი სწორდება, ამ თემაზე  საკომიტეტო მოსმენებზე ისაუბრებენ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის  მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დაკონკრეტება.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობს, რომ  „2002 წლის 15 სექტემბრის ბრძანება 234 –ით,  „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების მიხედვით,  კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინიასტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები კონკრეტულად არის გაწერილი, თუმცა ამ კრიტერიუმების დეტალიზაცია მუდმივად ხდებოდა, ხოლო 2002 წლის ბრძანება იყო ბოლო ცვლილება მათ განსაზღვრაში“.

გვასალია ამბობს, რომ აღნიშნული საკანონმმდებლო ცვლილება საბანკო სექტორს კიდევ უფრო გამნჭვირვალეს, პროგნოზულს და მდგრადს გახდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი