ეკონომიკა

რა პრობლემები აქვთ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს

4 ნოემბერი, 2014 • • 2214
რა პრობლემები აქვთ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს

2014 წლის მარტიდან საქართველოში 264 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შეიქმნა. კოოპერატივები სოფლად 2014 წევრს აერთიანებს და მათი საერთო  კაპიტალი 5 მილიონ ლარს შეადგენს.

 

აჭარაში, ქობულეთის რაიონში 5 მეპაიეს მიერ დაფუძნებული კოოპერატივი “ქაქუთი” მცირე მეწარმეებისაგან ციტრუსს იბარებს, გადაამუშავებს, ფუთავს და ექსპორტზე გააქვს.  

 

კოოპერატივის ხელმძღვანელი  მერაბ ბერაძე ამბობს, რომ 5 თვის წინ შექმნილ კოოპერატივს დიდი გეგმები აქვს, თუმცა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ბიზნესს ვერ აფართოებს:

 

“გვაქვს ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა. ვაფასოებთ და ესპორტზე ვუშვებთ უკრაინაში, ბელორუსიაში, ხოლო ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. გვინდა უკეთესად განვავითაროთ ბიზნესი. ვგეგმავთ სასათბურე მეურნეობის განვითარებას,  მოცვის პლანტაციების გაშენებას და კარტოფილის მოყვანას.”  

 

კოოპერატივის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესის დივერსიფიცირებას მაშინ მოახდენს, თუ კანონმდებლობა წვრილ კოოპერტივებს გაერთანების უფლებას მისცემს და საგადასახადო შეღვათებს დაუწესებს:

 

“ჩვენთან ის პრობლემაა, რომ კოოპარატივის წევრებს მცირე მიწები აქვთ და ბიზნესი ვერ ფართოვდება. თუ კოოპერატივები გაერთიანდებიან, ერთობლივად მეტი პროდუქციის მიყვანა და გასაღება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, კოოპერატივები გადასახადებისაგან 2018 წელს თავისუფლდება. რეალუარდ კი ახლად შექმნილ ორგანიზაციებს ფინანსური შეღვათები ახლა სჭირდებათ. ”

 

ქედის მუნიციპალიტეტის  კოოპერატივ “ურჩხითს” 4 დამფუძნებელი ჰყავს. კოოპერატივის ხელმძღვანელი ელგუჯა ნაკაშიძე ამბობს, რომ  “ურჩხითი” აჭარაში მე–4 ხოლო, საქართველოში მე–11 კოოპერატივი იყო.

 

“გვაქვს პატარა მეურნეობები. სამ ნაკვეთზე მოგვყავს სოფლის მეურნეობის კულტურები. მასიური წარმოება არ გვქონდა და ჩვენი გაერთიანების  იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ გაგვეფართოებინა წარმოება და გამსხვილების და განვითარების პროცედურები დაგვეწყო.”  

 

ნაკაშიძე ამბობს, რომ კოოპერატივს ფინანსური რესურსის მოზიდვის პრობლემა შეექმნა:  “დავრჩით დამოკიდებული კომერციულ ბანკებზე. ბანკი სესხს არ გვაძლევს, რადგან ჩვენი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები მაღალმთიან ზონაშია, ეს ქონება კი საკრედიტო რესურსად არ განიხილება.”

 

ფინანსური პრობლემები აქვს კოოპერატივ “აგროჯის”. მეპაიე  ზურაბ ხოზრევანიძე ამბობს, რომ კოოპერატივმა შეკვეთების მისაღებად ტენდერებში სცადა მონაწილეობა, თუმცა, უშედეგოდ:

 

“ტენდერებში თანამონაწილეობის ისეთი მოთხოვნებია, რომ იძულებული ხარ თავი შეიკავო. კოოპერატივს ამდენი ფინანსური საშუალება არ აქვს. ზოგ შემთხვევში 15-20 ათასი ლარია საჭირო. ახლად შექმნილი ბიზნესსუბიექტის ბრუნვა მცირეა.”  

 

ფერმერი მიჩნევს, რომ თუ სახელმწიფომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს ფინანსური შეღავათები არ დაუწესა და კანონმდებლობაში ცვლილებები არ შეიტანა, მაშინ კოოპერატივების შექმნა აზრს დაკარგავს.

 

ორგანიზაცია “მომავლის ფერმერი” სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს უფასო კონსულტაციებს  უწევს.

 

“კოოპერტივებს ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ. ერთადერთი ხელმისაწვდომი რესურსი გრანტია. ამ შემთხვევაშიც ან გაუმართლებთ, ან არა. ბანკები არ აფინანსებენ, რადგან გარანტიები უნდა წარადგინონ. ახლად დაფუძნებულ  კოპერატივს კი ბიზნეს–ისტორია არ აქვს. კოოპერტივი არის კარგი შესაძლებლობა იმათთვის, ვისაც ბიზნესის კეთების გამოცდილება ჰქონდათ და ახლა მოახდინეს კოორდიანცია და სხვა მასშტაბებზე გავიდნენ,”– ამბობს “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.

 

გიგაშვილი მიიჩნევს, რომ კოოპერატივების გასავითარებლად ბიზნეს–სუბიექტებმა  უნდა დაიქირავონ კონსულტანტი, მუშახელი და ტექნიკა:

 

“ამ შემთხვევაშო გამოსავალი არის კოოპერატივების გაერთიანება. ამის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ იძლევა.”  

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორცილებაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი.

 

„ევროკავშირი ამაყობს თავისი კონტრიბუციით იმ საერთო საქმეში, რასაც კოოპერატივების შექმნის წარმატებული პროცესი ქვია. სწორედ ძლიერი კოოპერატივებია საქართველოს აგროწარმოების განვითარების გარანტი საქართველოში. ამ სფეროს დიდი ხანი არ ექცეოდა ყურადღება, ახლა კი ევროკავშირის ინიციატივით განახლდა დიალოგი მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან საკანონმდებლო ბაზის შექმნისა, სექტორის მოდერნიზებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების მიზნით“.

 

ეს განცხადება იაროშევიჩმა 16 ოქტომბერს “ექსპოჯორჯიაში” კოოპერატივების სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა შეიცვლება კანონმდებლობაში და მიიღებენ თუ არ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები საგადასახადო შეღავათებს და მიეცემათ თუ არა იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოოპერატივების სააგენტო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

 

ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემამ 52 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და მხარდაჭერას ENPARD-ის მიერ გამოყოფილი სახსრების ნაწილი მოხმარდება.

2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები:  კახეთში – 22, ქვემო ქართლში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 11, შიდა ქართლში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 27;  აჭარაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 28, იმერეთში – 28, რაჭა-ლეჩხუმში – 11, თბილისში – 1.

მასალების გადაბეჭდვის წესი