ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე

30 ივლისი, 2014 • • 1266
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე

სახალხო დამცველის ანგარიშში განხილულია ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე და აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები. გამოძიების არაეფექტურობასა და უსაფუძვლოდ გაჭიანურებაზეა საუბარი იმ სისხლის სამართლის საქმეებთაც მიმართებაშიც, რომლებიც მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგომ  პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. ანგარიშში განხილულია ამ პროცესების შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეებიც.

 

კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმაცია გამოითხოვა. დადგენილების თანახმად, საგამოძიებო უწყებიდან კომიტეტმა შემდეგი სახის ინფორმაცია მიიღო:

 

“ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, აწარმოებს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება, მოწმის სახით დაიკითხულია დაახლოებით 300 პირი, ჩატარებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილ წევრთა ექსჰუმრიებული გვამების სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა. საერთაშორისო სამართლებრივი დახამრების ფარგლებში გამოთხოვილ და მიღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ფინეთის, ავსტრიის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი ორგანოებიდან. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება.”

 

რაც შეეხება 2008 წელს ჩადენილ ქმედებებს, პარლამენტისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ხსენებულ საქმეებზე პროკურატურისა და პროკურატურის სხვა ორგანოების მიერ ჩატარდა ფართომასშტაბიანი და კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულ მოწმეთა რაოდენობა 5 ათასს აღემატება. გამოძიების მიმარ ჩატარდა შემთხვევის ადგილსი დათვალიერება 30–ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, დაინიშნა 200–მდე ექსპერტიზა, გამოძიებისთვის საინტერესო ცალკეული ინფორმაცია მოძიებულ იქნა საჯარო წყაროებში და ასევე უცხო სახელმწიფოთა სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მსგავსი გამოძიება ხანგრძლივ დროსა და დიდ რესურსს მოითხოვს. გამოძიებაზე აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელთანაც ანგარიშგება გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება.  საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებული ინტენსივობით მუშაობს საომარი მოქმედებების დროს მოქალაქეთა უგზო–უკვლოდ დაკარგვის ფაქტების გამოძიების მიზნით. “

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული პრობლემების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მთავარ პროკურატურას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციის თანახმად, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა საქმეების გამოძიება უნდა წარიმართოს მთავარი პროკურატურის მიერ, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ყველა პრინციპის დაცვით. 

 

გარდა ამისა, პროკურატურას ეძლევა რეკომენდაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიება წარიმართოს ეფექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში. ასევე, პროკურატურამ გონივრულ ვადაში უნდა გამოიძიოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მასალების მოპოვების ფაქტები. 

 

საქართველო -დაღესტნის საზღვართან, ლოპოტის ხეობაში  შს სამინისტრომ სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. უწყების მაშინდელი ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან ხუთი ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. მათი მტკიცებით, შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, ხოლო 11 დივერსანტების ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და გია ლორთქიფანიძე თავის ძმასთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც მაშინ კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, აქტიურად იყვნენ ჩართული ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი