ახალი ამბები

პატრას პოლიცია: დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

24 აპრილი, 2014 • • 1499
პატრას პოლიცია: დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

“მოამბის” ჟურნალისტი საბერძნეთის ქალაქ პატრას პოლიციის იმ განყოფილებას დაუკავშირდა, რომლის თანამშრომლებმა დათა ახალაია დააკავეს.


სატელეფონო ინტერვიუში პატრას პოლიციის განყოფილების წარმომადგენელი კუდ-ის ყოფილი უფროსის აყვანის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ახალაია მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.

“ეს პიროვნება ნამდვილად ჩვენმა განყოფილებამ დააკავა. მას აღმოაჩნდა ყალბი დოკუმენტები და ცდილობდა იტალიაში გადასვლას. ჩვენ ის დავაკავეთ და გავარკვიეთ მისი ნამდვილი სახელი, გვარი და სრული ვინაობა. საქართველოს სჭირდება მისი ექსტრადირება, თქვენ თითონაც კარგად იცით, თუ რატომ. ასე რომ, ის ახლა დაკავებულია და ციხეში ზის. ის არის პატიმარი პატრას ციხეში. ვერ გეტყვით წინანსწარი პატიმრობის ვადას. შეიძლება ეს იყოს 40 დღე, მეტი ან ნაკლები. რაც შეეხება ექსტრადირებას, მე დაწვრილებით ამაზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა გეტყვით, რომ რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ მისი დაკავების შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს საელჩო. შევატყობინეთ დაკავების ფაქტი და გადავუგზავნეთ დოკუმენტები. მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები. ჩვენ დაკავებულის ზუსტი ვინაობა საელჩოს დახმარებით დავაზუსტეთ, რომ ეს იყო დავით ახალაია. მას პრობლემები ჰქონდა ქართველ სამართალდამცავებთან. ინტერპოლს რაც შეეხება, ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. თუმცა ამაზე მეტ ინფომაციას მე ვერ მოგაწვდით” – განუცხადეს “მოამბის” ჟურნალისტს პატრას პოლიციაში. 


საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამ დროისთვის პატრას ციხეში წინასწარ პატიმრობაშია. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო.


ბერძნული მედიაგამოცემის, patrastimes.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს.


“სანდო წყაროების ცნობით, დაახლოებით ერთი თვის წინ ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

 

ამჟამად ის ათენის სასამართლოსთან არსებულ სასჯელასღულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი სახელი და გვარია დავით ახალაია, რომელსაც საქართველოში თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, თუმცა ამჟამად საერთაშორისო ძებნაშია ადამიანების წამების ბრალდების გამო. მისი ძმა საქართველოში მინისტრი იყო.

 

33 წლის ახალაიას დაკავების დროს 30 ათასი ევრო და 10 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩნდა.

დაკავებამადე იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა,”- წერს გამოცემა Patrastimes.gr. 

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი