“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ იგივე “უცნობმა” იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ განაცხადა, რომ ელექტროენერგია 1995-დან 1999 წლამდე ჩაირთო და 1999 წელს დენი უკვე ყველას ჰქონდა.

აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც ადამიანთა მეხსიერების გარდა სემეკის ანგარიშები, საპროტესტო აქციების ვიდეო ჩანაწერები და თავად უცნობის მიერ 1999 წელს ჩაწერილი სიმღერა: „ქვეყანაშია ფერები მუქი“ – ადასტურებს.

ენერგოკოლაფსი 90-იანებში

1990-იანი წლების პირველ ნახევარში, ან უფრო ადრე დაბადებულ ადამიანებს ყოველგვარი სტატისტიკური მონაცემების გარეშე, კარგად ახსოვთ ჩაბნელებული ქვეყანა. დრო, როცა შუქის მოსვლა უბანში სიხარულის შეძახილებს იწვევდა. დრო, როცა სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს ლამპის ან სანთლის შუქზე სწავლობდნენ. დრო, როცა რეგიონებში, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში ხშირად კვირობით, ან თვეობით წყდებოდა ელექტრომომარაგება.

მეხსიერების გარდა, არსებობს სტატისტიკური მონაცემებიც, რამდენი იყო მოხმარება 80-იან წლებში და რამდენი 90-იანებში. ასევე არსებობს სემეკის ანგარიშები სადაც დეფიციტის შესახებ შავით-თეთრზე პირდაპირ წერია.

1989 წელს ელექტროენერგიის წარმოება 16 მლრდ კვტ/სთ-ს ხოლო მოხმარება 18 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევდა. 1995 წელს გენერაცია 7 მლრდ კვტ/სთ-მდე და მოხმარება 7.8 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. უცნობის მიერ დასახელებულ 1999 წელს გენერაცია 8.1 და მოხმარება 8.2 მლრდ კვტ/სთ იყო. 2003 წლისთვის მდგომარეობა გაუარესებული იყო გენერაცია 7.1 და მოხმარება 6.6 მლრდ კვტ/სთ-მდე იყო შემცირებული. 2012 წელს გენერაცია 9.7 და მოხმარება 9.8 მლრდ კვტ/სთ-მდე იყო გაზრდილი.

გენერაცია და მოხმარება (მლრდ. კვტ/სთ)

სემეკის 2003 წლის ანგარიშში ვკითხულობთ (გვ. 19): „ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობა საგანგაშოა, რაც აღრმავებს ელექტროენერგიის დეფიციტს, ზრდის ტარიფებს, ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკასა და ფინანსებზე.“

2002 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში მიხეილს მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივზე) საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა შუქის ჩაქრობის გამო თამაში პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა.

აქციები შუქის მოსვლის მოთხოვნით

მოსახლეობა პერიოდულად შუქის მოსვლის მოთხოვნით აქციებს მართავდა, ქუჩას კეტავდა და საბურავებს წვავდა. ერთ-ერთ ასეთ ცნობილ აქციაზე სადაც, კოტე ყუბანეიშვილი სავარაუდოდ თელასში რეკავს, კადრში 54-ე წამზე გოგა ხაინდრავაც ჩანს. მწერალი ლაშა ბუღაძეს ფეისბუკზე იხსენებს, რომ ამავე აქციაზე თავად გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობიც” იმყოფებოდა.

ელექტროენერგიის დეფიციტი და სამოქალაქო პროტესტები აქტიურად შუქდებოდა პრესაშიც. 2002 წლის დეკემბრის რადიო თავისუფლების სტატიის პირველი ორი წინადადება ასეთია:

„2 დეკემბერს ვარკეთილისა და კახეთის გზატკეცილის მოსახლეობამ ალყაში მოაქცია “ეი-ი-ეს თელასის” ცენტრალური ოფისი და შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა ამ ამერიკული კომპანიის თანამშრომლებს. თბილისის ამ განაპირა რაიონების მოსახლეობა, 8 დღეა, ელექტროენერგიას არ იღებს.“

2000 წლის 14 ნოემბერს უშუქობა გააპროტესტეს ვაკეშიც. დაანთეს კოცონი. კოცონი დაინთო 3 დღის შემდეგაც 2000 წლის 17 ნოემბერს.

უცნობის პროტესტი 1999 წელს

საგულისხმოა, რომ უცნობი მის მიერვე დასახელებულ 1999 წელს თავად აპროტესტებდა უშუქობას. სიმღერაში ის ამბობს:

„ქვეყანაშია ფერები მუქი,

ფულის აღების მოვიდა ჟამი,

ჩქარა ვირთხებო აიღეთ ქრთამი,

ვეღარ გავიგე ვისია ნება,

სულ დაიკარგა პატიოსნება,

ნავთის ქურაა თუ შეშის „ფეჩი“

რა დაგიშავეთ რომ ასე გვერჩით,

XXI კარს გვიკაკუნებს,

ღია ფერებით ღებავთ უკუნეთს,

დროზე მასხრებო აგვინთეთ შუქი,

იმის მაგივრად მიხედოთ ხალხს,

წევხართ და უშვებთ უკნიდან გაზს,

წევხართ და ხვრინავთ როგორც ღორები

გაუმაძღარი მუქთახორები,

დაუნახავი მუქთახორები ვახ“

სიმღერაში მხოლოდ უშუქობა არაა გაპროტესტებული და ასევე ვხდებით შემდეგ სტრიქონებს:

„ერთ დროს ქვეყანა რანთა და კახთა,

იქცა ჭაობად რუსეთის კართან.“

„საქართველოს დაბადების“ ფბ გვერდზე ვიდეოს დადებიდან 22 საათში 5000 რეაქციიდან 4000 ჰაჰა ან გაბრაზებაა, 3600 კომენტარიდან უმეტესობაც ირონიული ან კრიტიკულია.

ელექტრომომარაგების აღდგენა

ელექტრომომარაგება ძირითადად 2004-2005 წლებში გამოსწორდა, ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა უფრო გვიანაც. აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლებში არც მსხვილი ჰესი შესულა ექსპლუატაციაში და არც თბოსადგური, თუ არ ჩავთვლით 2004 წელს გახსნილ ხადორჰესს 140 მლნ კვტ/სთ-იანი წლიური გამომუშავებით.

უფრო დიდი გენერაციის დარიალჰესი, ფარავანჰესი და შუახევჰესი 2012 წლის შემდეგ გაიხსნა. თუმცა მშენებლობა, ან როგორც მინიმუმ მოლაპარაკებები 2012 წლამდე იყო დაწყებული. 2012-ის მერე აშენდა გარდაბნის თბოსადგურები და ქართლის ქარის ელექტროსადგურიც. დიდი ჰესები როგორებიცაა ხუდონეჰესი, ნენსკრაჰესი, ნამახვანჰესი, ონის ჰესების კასკადი ან ცხენისწყლის ჰესების კასკადი დღემდე არ აშენებულა. ნამახვანჰესის მშენებლობის გამო საქართველოს, თურქული ენკას სასარგებლოდ ჯარიმისა და საურავების სახით $400 მლნ-ზე მეტი დაერიცხა.

2004-2005 წლებში ელექტროენერგიის პრობლემა ძირითადად არსებული გენერაციის ობიექტების უკეთ ამუშავების, დანაკარგების მეტ-ნაკლებად შემცირებით, ავარიებზე სწრაფი რეაგირებით და დარიცხული დავალიანების ამოღების გაუმჯობესების ხარჯზე მოხერხდა. 2006 წლიდან გაიზარდა ტარიფებიც. ახალი დიდი ჰესი არ აშენებულა, მაგრამ ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე, ჩაბნელებული ქვეყანა მაინც განათდა და შუქის მოსვლის სიხარულით გამოწვეული შეძახილები დავიწყებას მიეცა.