სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. ინფორმაციას civilnet.am ავრცელებს.
მისივე თქმით, თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებს, თუ სომხეთის მოქალაქეები მისი მთავრობის მიერ შეთავაზებულ ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერენ. ახალი კონსტიტუციის მიღება კი ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად განიხილება.
„თუ ჩვენი ხალხი იტყვის ‘არას’ [ახალ კონსტიტუციას], მე გადავდგები. მაგრამ თუ ის იტყვის ‘დიახ’, ბოლომდე მივიყვან [აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს] და პრემიერ-მინისტრის პოსტზე აღარ ვიყრი კენჭს“, – განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის პროექტი მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.
ფაშინიანის თქმით, ახალი კონსტიტუცია სახელმწიფო უწყებების მნიშვნელოვან სტრუქტურებში, მათ შორის ცენტრალური ბანკისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მმართველ ორგანოებში, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის კვოტების გამოყოფასაც ითვალისწინებს.
ბაქო ერევნისგან მოითხოვს, კონსტიტუციიდან ამოიღოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებები. აზერბაიჯანის მტკიცებით, ეს ჩანაწერები მის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.
სომხეთში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ბოლო რეფერენდუმი 2015 წელს, სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის დროს გაიმართა. ცვლილებებს მონაწილეთა 66.2%-მა დაუჭირა მხარი. შედეგად, ქვეყნის მართვის ძირითადი უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცა.
