ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მოსარჩელეს ჰკითხა, თუ ენმ მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდა, რატომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე რატომ არ მიმართეს საკონსტიტუციოს პარტიის აკრძალვის თაობაზე.
„ისტორიული ხელისუფლების ის ქმედებები, რომლებიც თქვენ მიჩნეული გაქვთ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებად, 14 და ხშირ შემთხვევაში, 22 წლის შემდეგ როგორ უკავშირდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყისიერი საფრთხის ტესტს? თუ თავისთავად, 2004-12 წლებში ქმედებები საკმარისია პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, 2012 წელს რატომ არ მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს? ამ 14 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 9 არჩევნებში მონაწილეობა. ხომ იყო შესაძლებლობა, ძალაუფლებაში მოვსულიყავით და ის მყისიერი საფრთხე, რომელსაც თქვენ ასახელებთ, სისრულეში მოგვეყვანა?“ — იკითხა ალიკა კუპრავამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია საერთაშორისო სიტუაციას, ასევე, „სახელმწიფო ძლიერი იყო“, ხოლო ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მარტო არაა.
„ძალიან უხერხულია ახლა… შანსი კიდევ ერთხელ რატომ მომეცი, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომ დავრჩენილიყავიო, როდესაც შეგეძლო, მანამდე აღგეკვეთაო — ამას გვედავება ახლა აქეთ? საფრთხე რომ იყავით, რამდენიმეჯერ მოგეცათ შანსი. შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომ შანსი მოგცემოდათ. კიდევ რამდენიმე, საერთაშორისო სიტუაციასაც გავუწიეთ ანგარიში. თან სახელმწიფო ძლიერი იყო, აკონტროლებდა და კიდევ იყო შესაძლებელი, ეს ყველაფერი გაეკონტროლებინა. შანსი მოგეცით“, — განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩამოვიდა საქართველოში შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, თუმცა ენმ-მ მის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, თავად „ქართული ოცნება“ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან.
„ამათი გულისთვის ჩამოვიდა [შარლ მიშელი], მერე ყველა ის პრინციპი, რაც იყო, არღვიეს, არღვიეს, არღვიეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამათთვის შანსის მიცემა არის უიმედო საქმე. არაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდნენ. როდესაც ყველა იმედი გადაიწურა, რომ თქვენგან რამე გამოვა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩადგებით, ამიტომ მივმართეთ. სამართლებრივად გეუბნებით – საფრთხეს წარმოადგენთ, საფრთხეს“, — მიმართა შარმანაშვილმა ოპოზიციას.
ალიკა კუპრავა: ბატონმა თენგიზმა ასეთი რამე ახსენა, მაშინ სახელმწიფო ძლიერი იყოო და თქვენგან მომდინარე საფრთხეს ვთოკავდითო და ახლა რა შეიცვალა?
თენგიზ შარმანაშვილი: ახლა შეიცვალა ის, რომ თქვენ მარტო არა ხართ და თქვენ გადაწყვეტილებებს მარტო არ იღებთ.
— კიდევ ვინ ვართ?
— ბევრჯერ მითქვამს… პოლიტიკურ დებატში არ ვართ. თქვენ წარმოადგენთ საფრთხეს!
შარმანაშვილმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მარტო არაა.
