ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს.

რუსეთთან საზღვრის დასახურად საჭირო ზომების მომზადების შესახებ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიჰალმა განკარგულება უკვე გასცა. მისი თქმით, ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტების დახურვის პროცესი 1 დეკემბრიდან დაიწყება.

როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, საზღვრის დახურვის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ განიხილა და დაავალა აუცილებელი ზომების მომზადება.

ეს განცხადება ესტონური თავდაცვითი კომპანია Threod Systems-ის წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობის შემდეგ გაკეთდა. ესტონური მხარის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GRU) დავალებით Threod Systems-ზე თავდასხმა სცადეს. ეჭვმიტანილები ლატვიის მაცხოვრებლები არიან.

კრისტენ მიჰალის თქმით, ეს ინციდენტი აჩვენებს მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობას, აგრეთვე მზაობის გაზრდას ევროპაში საბოტაჟის მიმდინარე საფრთხის ფონზე.

„თუ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული ოპერაციების ჩატარებას ესტონეთში, და ჩვენ ვიცით, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები საზღვრის გადაკვეთის პუნქტებს ადამიანების სამიზნეში ამოსაღებად იყენებენ, მზად უნდა ვიყოთ რისკების შესამცირებლად. საზღვრის დაკეტვა შეამცირებს საფრთხეს ესტონეთის მაცხოვრებლებისთვის და მკაფიო სიგნალს გააგზავნის, რომ ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და თავდაცვით შესაძლებლობებზე თავდასხმები მიუღებელია“, – განაცხადა მიჰალმა.

ესტონეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გეგმებს „რუსოფობიის“ გამოვლინება უწოდეს რუსეთში.

„ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციის სინამდვილეს. მაგრამ თუ ეს ნამდვილად მათი გეგმებია, მაშინ ეს აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობიის ახალი გამოვლინებაა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.