2025 წელს პირველად, გლობალურად მზის ენერგიით უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება მოხერხდა ვიდრე ქარით. საუკუნის დასაწყისთან შედარებით, ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 71-ჯერ, ხოლო მზის ენერგიით 2043-ჯერ გაიზარდა, რაც 204 ათას პროცენტიან ზრდას ნიშნავს.
მზე და ქარი — ალტერნატიული ენერგიის წყაროები
2001 წელს, ქარით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მზის პანელების გენერაციას 28-ჯერ უსწრებდა, 2011 წელს 7-ჯერ. 2019 წელს 2-ჯერ და 2025 წელს ბალანსი მზის ენერგიის სასარგებლოდ შეიცვალა.
მზის ენერგიის პანელები ბევრად უფრო სწრაფად გაიაფდა, ვიდრე ქარის ტურბინები. ამასთან, მზის ელექტროსადგურისთვის, რეგიონები სადაც წლიურად მზიანი დღეების რაოდენობა მეტია ისევ უკეთესია, მაგრამ აუცილებელ წინაპირობას აღარ წარმოადგენს. ქარის შემთხვევაში კი ტურბინების ასამუშავებლად მინიმუმ 3 მ/წმ სიჩქარეა საჭირო, ეკონომიკური მომგებიანობა კი 6 მ/წმ-დან იწყება და დაახლოებით 25 მ/წმ-ზე უსაფრთხოების მიზნით ითიშება.
მზისა და ქარის სადგურებს ერთდროულად გეოპოლიტიკური დატვირთვაც გააჩნიათ და ეკოლოგიურიც. მზის პანელის დამზადება/უტილიზაცია გარემოსთვის სასარგებლო არაა, მაგრამ სიცოცხლის მთელი ციკლის გათვალისწინებით ის უფრო ეკოლოგიურია ვიდრე რომელიმე თბოსადგური.
ელექტროენერგიის გამომუშავება (მლრდ კვტ/სთ)
წყარო: Ourworldindata
გლობალური დათბობა და CO2-ის კონცენტრაციის ზრდა
გლობალური დათბობა, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, ადამიანთა ნაწილისთვის შეთქმულების თეორიებია, მაგრამ მეცნიერთათვის უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს. გლობალური ტემპერატურა, ბოლო 150 წელიწადში 1 გრადუსზე მეტით გაიზარდა. ეს არ ნიშნავს რომ ყოველ წელს, ყოველ ქალაქსა თუ სოფელში ზაფხული წინა წელთან შედარებით ცხელი იქნება, ან ზამთარში თოვლი აღარ მოვა, საუბარია კლიმატზე გლობალურად და არა ლოკალურ ამინდზე. სადმე მაისში უეცარი აცივება გლობალური დათბობის საწინააღმდეგო მტკიცებად ვერ გამოდგება.
ინდუსტრიულ რევოლუციამდე, საუკუნეების განმავლობაში ნახშირორჟანგის იგივე CO2-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში მილიონიდან 280 ნაწილს (ppm) შეადგენდა, შესამჩნევი მატება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, 1910 წლისთვის მან 300 ნაწილაკს მიაღწია, 2015 წლისთვის 400-ს და 2025 წელს 425-ს გადააჭარბა. ნახშირორჟანგის არსებული, ან თუნდაც გარკვეული ოდენობით მეტი კონცენტრაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საზიანო არაა, მაგრამ მისი გვერდითი მოვლენა სითბური ეფექტია. დედამიწა ვენერას სცენარისგან თუნდაც თეორიულად ძალიან შორსაა, მაგრამ მყინვარების დნობა, ზღვის დონის მატება, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაუდაბნოება პოტენციურად ასობით მილიონ ადამიანს საკვებისა და საცხოვრებელის წართმევის რისკის წინაშე აყენებს.
ენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება. ეს შეუქცევადი პროცესია (დასაშვებია 2020-ის მსგავსი ცალკეული გამონაკლისები) და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება თუ პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა არ მოხდა. მთავარია რა წყაროებიდან იქნება ეს ენერგია მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ქარისა და მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა 25 წელიწადში 140-ჯერ 39 მლრდ კვტ/სთ-დან 5.5 ტრლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში ნავთობის დღიური მოხმარება 32%-ით 78-დან 103 მლნ ბარელამდე გაიზარდა. რომ არა ალტერნატიული ენერგია, პლუს ენერგოეფექტური ტექნიკა და ელექტრომობილები ზრდა ბევრად მეტი იქნებოდა.
ლიდერი სახელმწიფოები
როგორც ქარის, ასევე მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავეული ენერგიის მოცულობით ჩინეთი უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებს.
ელექტროენერგიის გამომუშავება (მლრდ კვტ/სთ)
წყარო: Ourworldindata
ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ, როგორც ქარის, ასევე მზის შემთხვევაში ათეულში შემდეგ პოზიციებს გერმანია, იაპონია, ინდოეთი, ბრაზილია და ესპანეთი ინაწილებენ.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ჩინეთის დამატებითი მოტივია ის ფაქტი, რომ თავად ტრადიციული წიაღისეულით ნავთობითა და გაზით ღარიბი სახელმწიფოა, მართალია ორივე გააჩნია, მაგრამ არასაკმარისი. ქვანახშირი იაფია, მაგრამ ნავთობზე მეტად დამაბინძურებელია.
რა წილი აქვს მზესა და ქარს გლობალურად ელექტროენერგიის გამომუშავებაში? 2025 წელს მოხმარებამ დაახლოებით 32 ტრლნ კვტ/სთ შეადგინა (მონაცემები წყაროების მიხედვით მცირედით განსხვავდება) საიდანაც 17%-ზე მეტი მზეზე და ქარზე მოდის.
მდგომარეობა საქართველოში
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? 2025 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 13.8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც ქარის ელექტროსადგურის წილი 80 მლნ კვტ/სთ-ს უდრიდა, მზის მცირე სადგურების კი ჯამურად 4.6 მლნ კვტ/სთ-ს. რაც ჯამურად მხოლო 0.6%-ია. ოდნავ უკეთსი მდგომარეობაა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში. ჯამური წარმოება 9 თვეში 10.3 მლრდ კვტ/სთ-ია, საიდანაც ქარის წილი 88 მლნ კვტ/სთ-ია, მზის 14 მლნ კვტ/სთ. ამ შემთხვევაში მზისა და ქარის წილი 1%-ს აღწევს. იმ ფონზე, როცა ქვეყანას როგორც ქარისა და მზის, ასევე დიდი ოდენობით ჰიდრორესურსი გააჩნია ელექტროენერგიის მოხმარება დეფიციტურია და იმპორტი ექსპორტს აჭარბებს.
