თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი აქაც ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მოსწავლეების და მშობლების ცნობით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ სწავლას N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ, რაც მათ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მშობლების ნაწილი ითხოვს სამინისტროსთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას.

განათლების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

“ტვ პირველის” რეპორტაჟიდან ვიგებთ, რომ მოსწავლეებმა სამინისტროს შეხვედრებზე შესთავაზეს რამდენიმე შენობა ალტერნატიული ფართის სახით, სადაც პირველ ცვლაში შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას მაგრამ საბოლოოდ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.