მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე უკრაინულ-ქართულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა.
მასწავლებლის, თამარ გიორგაძის, ინფორმაციით, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიზეზი ანონიმური ზარი იყო, რომ სკოლაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ამ წუთებში ადგილზე კინოლოგებსა და შესაბამის სამსახურებს ელოდებიან.
გარდა 41-ე საჯარო სკოლისა, მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება სხვა რამდენიმე სკოლის შესახებაც.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ევროპული სკოლის სამივე შენობაში ევაკუაცია გამოაცხადეს, ბავშვები და თანამშრომლები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
დაახლოებით 1 საათია, ევაკუირებულია თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსიც. სტუდენტების თქმით, არ იციან, ვინ გაავრცელა ინფორმაცია სავარაუდო ბომბის შესახებ. სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები ამ ეტაპზე შენობის გარეთ იმყოფებიან.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე არცერთ უწყებას ინფორმაცია არ აქვს.








