ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დღეს სასამართლოში პროკურატურის მოწმის სახით იკითხება. დღევანდელ სხდომაზე მას კითხვებს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის მხარე დაუსვამს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მედიასთან თქვა, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ის შენობაში მიდიოდა და ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა.

პროკურორის განცხადებით, მიქაუტაძის ჩვენებას ამყარებს მათ მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებები.

„როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ“, – ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.

კითხვაზე, თუ სად ხდებოდა თანხის გადაცემა, პროკურორმა უპასუხა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. [რომეო მიქაუტაძე მიდიოდა სუს-ში და გადასცემდა თანხას გრიგოლ ლილუაშვილს?] კი ბატონო. მოწმემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე. სხვათა შორის, ამ მიმართულებით დაკითხულნი არიან სხვა პირებიც, რომლებიც ნამყოფი იყვნენ მანამდე უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ მიერ ასვლის პროცედურა რაც არის… ასევე დაცვის წევრების მიერ რაც ფიქსირდება ასვლის პროცედურა, რომ ეს არ ხდებოდა აუცილებლად საშვით, გაჩხრეკით და ა.შ. ანუ ეს იყო სრულად ბრალდებულზე დამოკიდებული, როგორ აიყვანდა მასთან ვიზიტორს.

[…] დერეფანში გადაადგილება რომეო მიქაუტაძის არ ასახავს იმას, რომ ფიზიკურად თანხას გადასცემს გრიგოლ ლილუაშვილს, თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში“, – ამბობს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ლილუაშვილის დაცვის მხარეს, ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ რომეო მიქაუტაძეს გრიგოლ ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა:

„დღეს უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაადასტურა მოწმემ. მაგალითად, ის, რომ, მიუხედავად იმისა, მოწმეს ძალიან სურს თავისი დანაშაულის თანაზიარი გახადოს გრიგოლ ლილუაშვილი, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც, რომ ფულადი თანხები მიჰქონდა მასთან, ეს არის აბსოლუტური სიცრუე ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება და თვლადი, როგორც დღევანდელი დაკითხვისას გამოვლინდა ბატონ მოწმეს (რომეო მიქაუტაძეს) ზუსტად იგივე ეკვივალენტობის ქონებაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და უკანონო თანხებზე ედავებოდა ბრალდების მხარე, რაზეც უკვე დგას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია ლოგიკა, თუკი მოწმე, იღებდა, როგორც თავად ადასტურებს და აღნიშნავს, გარკვეული სახის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას, საიდანაც ის ფულად თანხებს იღებდა, აღნიშნული თანხები სრულად მოხმარებული აქვს მას საკუთარი ფინანსური და ქონებრივი კეთილდღეობისთვის, რაც დადასტურებულია უკვე რევიზიის აქტით“.


გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათგან ორში რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს:

  • პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
  • მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
  • მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს და ქოლ-ცენტრებს – მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარდგენილ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილ მაღალჩინოსან რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.