პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა. ის უწყებაში დღეს მივა. საქმეზე უკვე გამოიკითხა ჟურნალისტი ნატა ლომაძე, ასევე – ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი.
ქაშიაშვილმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ უწყება სისხლისსამართლებრივ დევნას შეწყვეტს:
„ინტერესს მე ვერ გამოვიცნობ, მაგრამ საზოგადოება ძალიან გონიერია და აქვს უნარი, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ცრუ ცრუ დასმენის ფაქტზე, რომელსაც იძიებს პროკურატურა სისხლისსამართლებრივად. პრინციპში, ყველანი გამოვიკითხეთ – მეც, რეპორტაჟის ავტორიც. რეპორტაჟის თანაავტორი, ოპერატორი მიშო მარტაშვილი ახლა შევა პროკურატურაში. მეტი არ ვიცი, ვინ შეიძლება დაკითხონ, ალბათ, არც არავინ, და ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ პროკურატურა მალე გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა“, – თქვა დავით ქაშიაშვილმა.
რა ხდება?
პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმე ის არის, რომ „შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.
ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე „ცრუ დასმენაზე“.
ამ საქმის პარალელურად გოგა ხაინდრავას სამოქალაქო დავაც აქვს „ფორმულას“ წინააღმდეგ. სარჩელით მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
