რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხვალ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „3+3“ ფორმატში ექსპერტთა პირველ შეხვედრა გაიმართება.
„5 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი – პირველ ექსპერტთა შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც ნეტგაზეთს ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ოფიციალური თბილისი „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ქართულ მხარეს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ აქვს დაფიქსირებული.
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„3+3“ ბაქოსა და ანკარის ინიციატივით ჩამოყალიბებული ფორმატია და მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც მაშინ ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.
მოსკოვმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მოლოდინი აქვს, საქართველო „3+3“ ფორმატის შეხვედრებს შეუერთდება.
