ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს სიძულვილის ენას სამმართველო, რომელიც საჯარო კომუნიკაციისას სიძულვილის ენის გასაკონტროლებლად შეიქმნება. კობახიძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს და ვნახოთ, რას პრაქტიკას დაამკვიდრებენ ისინი.

კობახიძემ უგულებელყო ჟურნალისტის შენიშვნა, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი მოქალაქეებისთვის იქამდეც, სანამ პრაქტიკა დამკვიდრდება. მან ასევე უარი თქვა პირადი პოზიციის გაზიარებაზე.

“ეს [პირადი მოსაზრების გაზიარება] იქნებოდა პოლიტიკური კარნახი იმ პრაქტიკის მიმართ, რომელიც ჯერ არ არის დამკვიდრებული”, – განაცხადა კობახიძემ.

“რა არის სიძულვილის ენა და რა არა, არამედ მე შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა – ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ სასამართლომ.

[…] მე მაქვს რა თქმა უნდა, ნასწავლიც მაქვს ეს საკითხი უნივერსიტეტებში, თუმცა, ჩემი განმარტება არ არის მნიშვნელოვანი. პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს კონკრეტულმა უწყებამ. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდეგ, პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს სასამართლომ. ამიტომ, დაველოდოთ იმას, თუ როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, სად უნდა გავიდეს ზღვარი სიძულვილის ენის განმარტებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. კობახიძემ არც ამ კითხვას გასცა კონკრეტული პასუხი და თქვა, რომ “სახელმწიფო იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”.

“მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა გარეწარი რომ უწოდა გიორგი გახარიას, ეს შეურაცხყოფაა, სიძულვილის ენაა, დასჯადია თუ როგორაა?” – ჰკითხე მას ჟურნალისტმა, რის საპასუხოდაც, კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ უნდა დაველოდოთ რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო.

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს შექმნის მთავარ მიზნად პოლარიზაციის შემცირება დასახელდა, კობახიძეს ჰკითხეს, ამ კონტექსტში რამდენად განიხილავენ პატიმრების შეწყალების საკითხს. კობახიძემ ამ შემთხვევაშიც გაიმეორა ის, რაც აქამდეც არაერთხელ უთქვამთ როგორც მას, ისე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს – შეწყალებამდე აუცილებელია დანაშაულის აღიარება და მონანიება.

“პოლარიზაციაც საჭიროებს ქმედებებს ორივე მხრიდან. იმისათვის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, საჭიროა ქმედებები ორივე მხრიდან. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიხილოთ სინანული. სინანული ჩვენ არ გვჭირდება სუბიექტური ინტერესების გამო. ჩვენ გვჭირდება სინანული პრევენციისთვის.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, თან საკმაოდ მძიმე დანაშაული და არც ინანიებს ამ დანაშაულს და ამის მიუხედავად გამოდის გარეთ, ბუნებრივია, ასეთი მოცემულობით პრევენციის ეფექტი ვერ დადგება. ამიტომ, თუ საუბარია შეწყალებაზე, სხვა ზომების მიღებაზე, ამას წინ უნდა უსწრებდეს სინანული. და აღიარება. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სააგენტოს შექმნა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 18 მაისს დააანონსა. მისი თქმით, ამ ინიციატივის მიზანია “იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამა დროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება”.

“შსს-ში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კობახიძის მსგავსად, ისიც ირწმუნება, რომ ინიციატივის მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. კითხვაზე, ვინ და როგორ დაადგენს, კონკრეტული განცხადება, მაგალითად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, აღვივებს თუ არა შუღლს, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამას ჯერ ახალი სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ, შემდეგ კი მიმართავენ სასამართლოს, რომელმაც, შესაძლოა სანქციად ადმინისტრაციული პატიმრობაც კი გამოიყენოს.

ამავე თემაზე: