“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პროევროპული აქციების კონტექსტში დაკავებული მოქალაქეების შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ.

უფრო მეტიც, მდინარაძის თქმით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მათ “სინდისის პატიმრებს” უწოდეს, ქმნის ბარიერს მათი პოტენციური შეწყალებისთვის.

“მე არ ვიცი ვინ არის სინდისის პატიმარი. ეს არის თქვენი შეფასება. სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. ბუნებრივია. ჩვენ შორის კი არ არის საუბარი, მაგალითად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანზე, პრეზიდენტზე. მე ხომ არ შეიძლება მას რეკომენდაცია მივცე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში?! წარმოუდგენელია. მაგრამ, თქვენ როდესაც საუბრობთ და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი … მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ. პირიქით, მათ თქვეს, რომ ვინც ინანიებს, ვინც გამოხატავს სინანულს, მისი შეწყალება არის კარგი. ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია. შეწყალებაზე საუბრობდნენ ისინი, შეიძლება სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორე.

სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან. უკვე საერო განმარტება როგორც ერთი მოქალაქის, შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან, რომ თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, სახელმწიფო ასეთი პირის მიმართ ყოველთვის უფრო ლმობიერია. მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან მიმართებით, მათ შორის შეწყალებასთან მიმართებით და ა.შ.

როდესაც თქვენ მათ უწოდებთ სინდისის პატიმრებს, ჩემთვის პირადად, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს არის სპეციალურად, განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ და დაპირისპირება იყოს კვლავ აქტუალური. იმიტომ, რომ სინდისის პატიმარს თუ უწოდებთ, აქ უფრო რთულდება დათანხმება და შეთანხმება ამ თემაზე, ხომ?! რადგან თქვენ მაინც ასე საუბრობთ, ესე იგი, თქვენი ინტერესი არა მათი შეწყალება, არამედ ამ თემით პროპაგანდისტული მოქმედებებია საზოგადოების მიმართ. ეს ბუნებრივი ლოგიკაა და არა ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ეს “ბარიერი” აღარ იარსებებს და ამ ადამიანებს სინდისის პატიმრებს აღარ დაუძახებენ, დაუჭერს თუ არა მხარს მათ შეწყალებას. მდინარაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ის არ იღებს და მისი პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე ამ კითხვას ვერ უპასუხებს, თუმცა როგორც რიგითი მოქალაქე, ამის წინააღმდეგი არ არის.

“როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, ზოგადად და მივესალმები, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება, აღიარება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პატიმრების შეწყალების საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III აირჩიეს. გაჩნდა კითხვები, იშუამდგომლებდა თუ არა ის ამ საკითხზე მიხეილ ყაველაშვილთან. სასულიერო პირების ნაწილმა თქვა, რომ სავარაუდოდ, სინოდი ამას განიხილავს.

როგორც სასულიერო პირები, ისე “ქართული ოცნების” ლიდერები შეწყალების წინაპირობად აღიარებასა და მონანიებას ასახელებენ. თუმცა, არსებობს მაგალითი, როცა აღიარებისა და მონანიების მიუხედავად, პატიმარი არა თუ არ შეიწყალეს, არამედ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც უარი უთხრეს. ასეთია 2024 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დანიელ მუმლაძე.

“დანი გამოძიებაში აღიარებით გამოცხადდა. მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ და სასამართლოს ვთხოვეთ სასჯელის 1/3 ჩაეთვალა პირობითად. უარი მივიღეთ. განაჩენის გამოცხადების დღიდან დანის ოჯახი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს ლამის თვეში ერთხელ. ყოველთვის უარია. რატომ იტყუებით? რატომ ფარისევლობთ? რატომ არ არის დანიელ მუმლაძე თავისუფალი?” – დაწერა სოციალურ ქსელში მუმლაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.

ამავე თემაზე: