ხვალ, 11 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთის რეპორტიორის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავება “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს. სადავო ეპიზოდის დროს ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – აშუქებს მიმდინარე პროტესტს. რეპორტიორის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.
ამ საქმეზე პირველი სხდომა 27 მარტს გაიმართა, თუმცა ის დაწყებისთანავე გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი სხდომამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე იყო შედგენილი. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა ეს დრო საკმარისი შსს-სთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მასალები აქამდე უნდა წარმოედგინათ. ეს არის უპატივცემულო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სასამართლოსა და პროცესის წინაშე”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სხდომა გადადო. კაპანაძე განიხილავდა ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას იდენტურ საქმესაც. კუპრავასა და ძიძარიას საქმეებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა – თუ ძიძარია 31 იანვრის შაბათის მარშს აშუქებდა, კუპრავას შემთხვევაში შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი 7 მარტის შაბათის მარშის დროს გადაღებული ვიდეო-კადრების საფუძველზე შეადგინა. 2 აპრილს მოსამართლე კაპანაძემ მარიამ კუპრავას საქმის წარმოება შეწყვიტა.
მარიამ ძიძარიას საქმეზე ევროპის საბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” განგაშის სიგნალი ჩართო და მოითხოვა მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მარიამ ძიძარიას სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიხსნება ნეტგაზეთისა და “ბათუმელების” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სხდომა. საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ წესით დაკავებაზე 2025 წლის 11 იანვარს. ამაღლობელის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიამენეჯერის დაკავების კანონიერებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამ საქმის განხილვაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი იმ მოტივით, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი და არ არსებობდა დაკავების კანონიერებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები. თუმცა, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, საჩივარი განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
ამავე თემაზე:
