ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, ზურა ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობას აგრძელებს. მისი თქმით, არასწორია ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შიმშილობა შეწყვიტა.

ჭავჭანიძის თქმით, 13 იანვრის სხდომაზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირები პატიმრობაში დატოვა იმის მიუხედავად, რომ მათ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორ ამბობს, სწორედ ამის შემდეგ, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, რადგან მათი ჯანმრთელობა არ ადარდებთ. თუმცა დამშვიდების შემდეგ გადაწყვიტა, რომ შიმშილობა გააგრძელოს.

“ჩემზე გავრცელდა ჭორი, თოთქოს მე გადავედი ჭამაზე. სინამდვილეში, სასამართლოზე ერთ-ერთი ჩვენი წევრი [ბრალებული] ფაქტობრივად მოსამართლემ სასიკვდილოდ გაიმეტა – იმდენნაირი დაავადება აქვს, ყოველდღიურად უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გირაოზე შეიტანა ადვოკატმა თხივნა და უარი უთხრა. არადა, ძალიან მძიმე სიტუაციაშია და ამ ფონზე, გამწარებულზე, მე ვთქვი, რომ აზრი არ აქვს შიმშილობას-მეთქი და განვაცხადე, რომ ვანებებ თავს-მეთქი. თვითონ, ჩვენს ბიჭებთან ვთქვი. გავრცელდა ტელევიზორში ასე, რომ თითქოს მე მივატოვე უკვე შიმშილობა, სინამდვილეში, მე არ მიმიტოვებია. ეს იყო აღელვებულ ნიადაგზე ნათქვამი ჩვენში. მე შიმშლობას ვაგრძელებ ჩვეულებრივად”, – ამბობს ზურა ჭავჭანიძე.

მისი თქმით, ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა და თავს მხნედ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რაც შიმშლობს.

ზურა ჭავჭანიძე ერთ-ერთია იმ ბრალდებულებს შორის, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად, და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ბრალდებული დროშით ხელში ჩანს.