სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეების განხილვა გრძელდება და თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეზე დართულ ვიდეომტკიცებულებებს განიხილავენ.

9 იანვარს ამჯერად 15-პირიან საქმეზე გაიმართა მორიგი სხდომა, რომელსაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი უძღვება. სხდომაზე ვიხილეთ ისეთი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ბრალდებულები ისვრიან ყვავილს, ჩანს მხოლოდ რამდენიმე წამის მანძილზე მათი გადაადგილება ორბელიანების სასახლის ეზოს ტერიტორიაზე, ხოლო პროკურორები ამბობენ, რომ ბრალეულობის დასამტკიცებლად აუცილებელი არ არის მათი მხრიდან „ინდივიდუალურად ძალადობა, ისინი ჯგუფური ძალადობის მონაწილეები არიან“.

15-პირიანი საქმის ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გოგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

ევა შაშიაშვილი, ია დარახველიძე და გოგი ჩახუნაშვილი გირაოს საფუძველზე იმყოფებიან გარეთ და სხდომებს ადვოკატების გვერდით მსხდომები ესწრებიან.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ მადლობა გადაიხადა სწორედ ევა შაშიაშვილის წინასაახალწლოდ გირაოს საფუძველზე გათავისუფლების გამო.

„არ ვიცი, ვის ეკუთვნის ეს, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ევა შაშიაშვილის გათავისუფლების გამო. ნაკლებად მჯერა გულისხმიერებისა, მაგრამ ეს იყო დიდებული რამ“, — თქვა ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ, რომელსაც თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.

მოსამართლე გელაშვილმა პასუხად განმარტა, რომ „ფორსმაჟორში ჩატარდა სხდომა და მიიღეს  გადაწყვეტილება ევა შაშიაშვილის გირაოს ქვეშ გამოშვებასთან დაკავშირებით, რასაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის შეთანხმება და ევას მხრიდან ბრალის აღიარება“. ევა შაშიაშვილი ერთადერთი მზრუნველი პირია თავისი შშმ შვილისთვის.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რა ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს დღეს, 9 იანვარს, სასამართლოში:

  • ტვ პირველის ეთერი. ჩანს, რომ სასახლის ღობე უკვე გადანგრეულია და ხალხის ნაწილი ეზოში გადადის. პროკურორი ამბობს, რომ ექიმი, პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი იმყოფება ჯებირს მიღმა, ეზოში.
  • ია დარახველიძის მოქმედების ამსახველი ვიდეო. ერთ ეპიზოდში კამათობს სხვა დემონსტრანტთან, მეორეში ისვრის რაღაც საგანს სპეცრაზმის მიმართულებით, რომლებიც ფარებით არიან განლაგებული სასახლის მიმდებარედ.
  • მორიგი ვიდეოები, პროკურორების თქმით, ასახავს დათო ღურწკაიას. ერთ კადრში, რომელიც გამოყენებულია მისი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, ჩანს ღურწკაია, რომელიც ყვავილს ისვრის. მეორე ვიდეოში ვხედავთ მამაკაცს ზურგიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, აცვია იგივე სამოსი, რაც ღურწკაიას, ყვავილის სროლის წინა ვიდეოდან. ამ ვიდეოში ეს მამაკაცი სასახლის ეზოდან გამოდის. პროკურორების თქმით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ღურწკაია იმყოფებოდა სასახლის ეზოში და იღებდა მონაწილეობას ძალადობრივ ქმედებებში.

ადვოკატი: სულ ეს გაქვთ ღურწკაიაზე?

მოსამართლე: ორი კადრი, ერთგან როცა ისვრის, როგორც ამბობს, ყვავილს.

ღურწკაია: დიახ, ვაღიარებ, ვისროლე ყვავილი.

მოსამართლე: მეორე კადრი, როგორ გადმოდის ეზოდან და ზურგით ჩანს.

  • მორიგი ვიდეოების დემონსტრირებას უკვე გენადი კელიხაშვილის საჩვენებლად ახდენს პროკურატურა. ერთი მხრივ, წარმოადგენენ ვიდეოს მისი იდენტიფიცირებისთვის, სადაც ჩანს, როგორ გამოდის რაღაც ფიცრულიდან. მომდევნო ვიდეოში დამსწრეთათვისაც და, როგორც აღმოჩნდა, თავად ბრალდებულისა და ადვოკატებისთვისაც რთული აღსაქმელია, რა ხდება. პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ გენადი კელიხაშვილს წინა ვიდეოებში ჯიხურიდან გამოაქვს საგნები, შემდეგ კი ამ ვიდეოში ჩანს, რომ ისვრის პოლიციელების მისამართით. ადვოკატები სთხოვენ, რომ გააჩეროს და აჩვენოს. თოდუა ამბობს, რომ ექსპერტმა უკვე გამოიკვლია. ადვოკატები ითხოვენ, რომ ექსპერტის დაკითხვის დროს ვიდეოების დათვალიერება კიდევ ერთხელ მოხდეს. „ვერ ვცნობ ჩემს თავს“, — ამბობს კელიხაშვილი.
  • მომდევნო კადრი რამაზ ჯორბენაძეს ასახავს. სინამდვილეში, ეს იგივე კადრია, რაც მანამდეც უკვე ვნახეთ და პროკურორის განმარტებით, აქ ჯორბენაძე შედის სასახლის ეზოში.

ადვოკატი: გარდა შესვლისა, რამე ჩანს?

პროკურორი: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაა ეს.

  • ტვ პირველის ეთერი, ვითარება სასახლესთან. ღობე გადანგრეულია, მოქალაქეთა ნაწილი არის სასახლის ეზოში. სასახლესთან ეზოში ასევე დგას სპეცრაზმი. პროკურორის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე ჯანდრი თირქიაა.

ადვოკატი: კონკრეტულად სადმე ძალადობს ჯანდრი თირქია?

პროკურორი როინ ხინთიბიძე: ინდივიდუალურად ძალადობა აუცილებელი არ არის, ეს არის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

  • გოჩა ყატაშვილის ამსახველი პირველი არხის ეთერი. ღობე გადანგრეულია, სასახლის ეზოში დგას სპეცრაზმი. პროკურორი აკეთებს კომენტარს, რომ ყატაშვილი დგას ღობეზე. არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, გვაჩვენებენ ზურგით კაცს, რომელიც ხელის მოძრაობით თითქოს აკეთებს მოწოდებას. მომდევნო ვიდეოში ისევ ყატაშვილს ვხედავთ სასახლის ეზოს მიჯნაზე ხელგაშლილს.
  • მორიგი ვიდეოები სულხან აბრალავას ასახავს. ერთგან მხოლოდ ჩანს კაპიუშონით, პირბადით და, როგორც პროკურორები ამბობენ, ვიდეო გამოყენებულია მისი იდენტიფიცირებისთვის. მეორეში ჩანს ჯინსის ქურთუკიანი მამაკაცი, ეზოს გარეთ ლითონის პორტატიულ ბარიერებთან, რომელთაგან ერთს აქცევს, რაღაც ნაწილს აძრობს და სასახლის მიმართულებით მიდის.
  • კონსტანტინე კოკაიას ამსახველი ვიდეო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, კოკაია ჩანს სასახლის ეზოში, გისოსებს მიღმა. რამდენიმე წამის მანძილზე ღობის გასწვრივ გადაადგილდება და დგამს რამდენიმე ნაბიჯს.

ადვოკატი: ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ახორციელებდა აქტიურ ძალადობრივ ქმედებებს. სად ჩანს ეს? რამეს ისვრის, ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს?

პროკურორი როინ ხინთიბიძე: ერთობლიობაში ყველა ამ ადამიანის ქმედება ნიშნავს ჯგუფურად ძალადობას.

კონსტანტინე კოკაია: ეს რომ გადაიღეთ, ის რატომ არ აჩვენეთ, როგორ ჩამარტყა პოლიციელმა და როგორ შემასხა. რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ, არა?! „ნადეჟდა ტელევიზია“ ხართ თქვენც. მაშინ მხედველობა დამაკლდა, იცით? ორთვენახევარი „აჩკი“ არ მომიტანეს ციხეში, იცით?

მოსამართლე: ის, რაც სასამართლოში არ წარმოგიდგენიათ მტკიცებულების სახით…

კოკაია: ძალით გვერევით? გამცენ პასუხი. 5 შუნტი იცით, რა არის? [ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 64 წლის კონსტანტინე კოკაიას „2019 წელს დაემართა ინფარქტი და იმ ინფარქტის მერე დასჭირდა სტენტების ჩასმა, სტენტების მიუხედავად გაუმეორდა ისევ ინფარქტი და გაუკეთდა შუნტირება. ხუთი შუნტი აქვს გულზე გაკეთებული“.]

მოსამართლე: გულთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები.

კოკაია: და მეტი არაფერი? ყოჩაღ, ყოჩაღ! (კოკაია ამბობს, რომ სხდომებს აღარ დაესწრება, რასაც მოსამართლე შეურაცხყოფად უთვლის.)

მოსამართლე: კონსტანტინე კოკაია სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გაფრთხილებულია. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, დატოვებთ დარბაზს და საბოლოო სიტყვამდე არ მიეცემა დასწრების შესაძლებლობა.

  • მორიგი ვიდეო კახა მჟავანაძეს ასახავს. პროკურორის თქმით, ღობეს აზიანებს. მჟავანაძე სასახლის ეზოს გარეთ იმყოფება და მის გვერდით ღობის ნაწილი უკვე გადანგრეულია.

მჟავანაძე: რა დავაშავე, გამაგებინეთ, ოღონდ ტყუილს ნუ იტყვით წეღანდელივით.

პროკურორი: აჯანჯღარებდა ღობეს და ცდილობდა სასახლეში შეჭრას.

მჟავანაძე: დაზიანება და შეჭრა რომ მნდომებოდა, შევიდოდი შიგნით.

  • მომდევნო ვიდეო ალექსანდრე გოგოლაძეს უნდა ასახავდეს, 64 წლის მამაკაცს სიმსივნის დიაგნოზით, მაგრამ მისი გარჩევა დარბაზიდან ჭირს.

ალექსანდრე გოგოლაძე: რას ვაკეთებ მე აქ? მთელი გასაღები და მარილი არის ამ მომენტში!

პროკურორი: მისულია სასახლის კართან და გამოდის, როცა წიწაკის სპრეის იყენებენ. ეს არის ადამიანი, რომელიც ღობეს ანგრევს და ცდილობს სასახლეში შეჭრას.

  • მომდევნო ვიდეოები ევა შაშიაშვილს ასახავს,  ვიდეოში ჩანს, რომ ევა იხრება, ასფალტიდან რაღაცას იღებს, პროკურატურის თქმით, ქვას, და სასახლის ეზოს მიმართულებით ისვრის.
  • მორიგი ვიდეო დავით სტურუას აჩვენებს. მიდის ღობესთან, რამდენიმე წამის განმავლობაში აჯანჯღარებს და შორდება.

მომდევნო სხდომაზე ზაქრო ალბუთაშვილის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებას წარმოადგენს პროკურატურა, რადგან დღევანდელ სხდომაზე მოსატანი ვიდეო სხვა საქმის სხვა ბრალდებულის ვიდეოში აერიათ. ზაქრო ალბუთაშვილი კიდევ ერთი ის ხანდაზმული ბრალდებულია ამ საქმეში, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს.

დავით ჟღენტის ამსახველი ვიდეო კი, რასაც საქმეში მის წინააღმდეგ თუნდაც ამ ფორმით გამოიყენებდა პროკურატურა, უწყებას საერთოდ არ აქვს.

პროკურორი როინ ხინთიბიძე სხდომის დასასრულს ამჯერად ჟურნალისტებთან ამტკიცებს, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ „ერთიანად, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩასაგდებად“.

„დღეს გამოვიკვლიეთ ჯგუფური ძალადობის ამსახველი კადრები. დათო ღურწკაიას ყვავილის სროლას არავინ ედავება. მას ედავებიან, რომ ცდილობდა ღობის დაზიანებას და შეჭრას. ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის ეზოში შესული არ არის, თუმცა ეს ბრალდებულები დგანან ეზოსთან, ზოგიერთი მათგანი ცდილობს, რომ დააზიანოს ღობე, ზოგიერთი მათგანი ისვრის გარკვეულ საგნებს იქ მყოფი პოლიციელების მიმართულებით. იმისთვის, რომ ეს დანაშაული [ჯგუფური ძალადობა] გვქონდეს სახეზე, კონკრეტული პირები უნდა მოქმედებდნენ ერთიანად, რაც ჩანს ყველა ვიდეოჩანაწერში. ისინი მოქმედებენ ერთიანად, ერთი საერთო მიზნიდან გამომდინარე და [ორგანიზატორების] მოწოდების შემდგომ მოქმედებს ყველა, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩასაგდებად, რომელიც არის სტრატეგიული ობიექტი. თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ. ადამიანები იმიტომ იყვნენ შეჭრილი პრეზიდენტის სასახლეში, რომ ჩაეგდოთ ის ხელში“, — განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

როგორ წარიმართა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა 4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეში, სადაც ბრალდებულებს შორის არიან ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, იხილეთ ბმულზე.


4 ოქტომბრის პროტესტი, ის, რაც პროტესტში მონაწილე ადამიანებისთვის იყო „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა“ და წარუმატებელი, „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და  ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია „ქართულმა ოცნებამ“. სწორედ ამას ედავებიან ისინი 64 ბრალდებულს.

64-პირიანი საქმე 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად არის დაშლილი, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს შორის განაწილებული.

58 ადამიანი პატიმრობაშია — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.

4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.

ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.