შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა. ამის შესახებ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ სხვადასხვა მოდიფიკაციის სამი ერთეული მანქანა შეიძინა:

“ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს, წინა მთავრობისგან, უკვე დიდი ხნის იყო და დავამატეთ, აღჭურვილობა განვაახლეთ. ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ რამდენიმე ცალი. აქ წარმოდგენილია სამი ერთეული, სხვადასხვა  მოდიფიკაციის.  ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები და ა.შ.”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, მანიფესტაციის დაშლისას წყლის ჭავლისა და გაზის ერთდროულად გამოყენება დასაშვებია, რადგან შესაბამისი ბრძანება, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, შეცვლილია:

“ტყუილია, რომ ბრძანება კრძალავს წყლისა და გაზის  ერთდროულად გამოყენებას. ეს ბრძანება [რომელიც კრძალვდა] გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო.  არ შეუძლია სპეცრაზმს გამოიყენოს, თუ არის პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, თუ არის ფეხმძიმე ქალები და ასე შემდეგ, თუ ხდება შეტევა და შტურმი, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს  მე პირადად შევიტანე ცვლილება ბრძანებაში”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


ტელეკომპანია „პირველის” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ. შსს აცხადებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას”.

საია-მ  სამინისტროს შეახსენა,  რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც, რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია.