შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების მიერ “ნოდარ მელაძის შაბათში” გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს გამოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდნენ.
თუმცა შსს ირწმუნება, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.
პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ასეთ აკრძალვას არც ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ითვალისწინებს, როგორიცაა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International).
“„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და ის არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„გაზი გაურიეთ!“ — ისმის „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, რომელიც სავარაუდოდ, მარტის აქციების დარბევისას შს მაღალჩინოსნების საუბრებს ასახავს.
საუბარია ცრემლსადენი გაზის წყლის ჭავლში გარევაზე.
„ტვ პირველის“ ცნობით, მან მოიპოვა რაციის ოფიციალური ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, თუ ვინ იყვნენ ბრძანების გამცემები და შემსრულებლები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დაშლისას. ჩანაწერებში მონაწილეობენ შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე („მოზგი“), შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილეები: მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე და კახა ჭუმბურიძე. „ტვ პირველის“ თანახმად, ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თუმცა პოსტი აქციების დასრულებიდან მალევე დატოვა.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კავშირზე იყო ორ პირთან: მის მოადგილე იოსებ ჭელიძესთან და სპეცრაზმის შეფ „ხარებასთან“. აქციების დარბევას უშუალოდ ჭელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც „ხარებას“ აძლევდა დავალებებს, მათ შორის, სავარაუდოდ, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის შესახებ.
მირზა კეზევაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „უკანონო ბრძანება არ არსებობს“.
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ კანონის ფარგლებში… ჩვენ ვიცავთ უმრავლესობის უფლებას. ჩვენი სპეცრაზმელები არიან ყველანი გმირები. ვამაყობთ მათით. ჩვენ მიერ არავინ დაზარალებულა“, — ეუბნება მირზა კეზევაძე „ტვ პირველს“.