პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან  იწყებს პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ელოდებიან პარტიების, „გახარია საქართველოსთვის“ (#25) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (#4) წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს მთავრობის ახალ მოდელს, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული. ხოლო დროებითი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.

კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერ-მინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად ამომრჩევლისთვის ცნობილი გახდება არჩევნებამდე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება.