„საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომელიც, როგორც ჩანს, მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება, მოიპაროს მომავალი საპარლამენტო არჩევნები“, — ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრის წერილობით დეკლარაციაში.
ამ ცნობებს შორისაა დაშინების მასობრივი კამპანიები ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ; დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა „ხელისუფლება გაიგებს, ვის მისცენ ხმა“; ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ.
„საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ბოლო დროს მმართველი პარტიის კონტროლქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგის საერთაშორისო აღიარების მიზნით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული გზით სვლა და კურსი შეცვალოს. არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია, რომ ქართველ ხალხს თავიანთი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეთ“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
სამუშაო დოკუმენტი ესტონელი დეპუტატის, ერიკ ნილს კროსის ავტორობით მომზადდა და მას კიდევ 23 დეპუტატი აწერს ხელს. წერილობითი დეკლარაციები ასამბლეის წევრებს საშუალებას აძლევს, ოფიციალურად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ევროპის საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. მათ ხელს უნდა აწერდნენ ოთხი ეროვნებისა და ორი პოლიტიკური პარტიის არანაკლებ ოცი წარმომადგენელი.
