ტელეგრამის არხებმა (Разгрузка Вагнера და Оркестр Вагнера) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მათი თქმით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელორუსიაში მიმართავს თავის მებრძოლებს.

ეს არის პრიგოჟინის პირველი გამოჩენა წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, თუმცა ვიდეო ღამით არის გადაღებული და ვიზუალი რთულად გასარჩევია.

„ჩვენ ღირსეულად ვიბრძოდით, თქვენ ბევრი გააკეთეთ რუსეთისთვის. ახლა ის, რაც ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელშიც მონაწილეობა არ გვჭირდება. დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სრულად ვაჩვენოთ თავი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდი დავრჩეთ ბელარუსში. ამ დროის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ბელარუსი გავხადოთ მეორე არმია მსოფლიოში“, — ამბობს პრიგოჟინი ვიდეოს თანახმად.

მისი თქმით, ვაგნერი ემზადება ახალი განვითარებისთვის აფრიკაში და „შესაძლოა, დაბრუნდეს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში [როგორც რუსეთი უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ] მაშინ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ საკუთარი თავის და გამოცდილების შერცხვენა არ მოუწევთ.

ცოტა ხნის წინ ბელარუსში კოლონებით ჩავიდნენ „ვაგნერის“ მებრძოლები.

23-24 ივნისს „ვაგნერმა“ თავდაცვის სამინისტრო თავისი ბანაკის დაბომბვაში დაადანაშაულა და წამოიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვზე, რომელიც კრემლმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.

ამბოხი დასრულდა 24 ივნისის საღამოს, პრიგოჟინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოლაპარაკებით – „ვაგნერი“ შეაჩერებდა ამბოხს და ბელარუსში გადაიხვეწებოდა, კრემლი კი მათ დევნაზე უარს იტყოდა.

ამბოხს წინ უძღოდა პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო კონფლიქტი.

პრიგოჟინის „ამბოხი” – გამარჯვებულები და დამარცხებულები