რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომლის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან გაცემულ პენსიებსა და დანამატებზე ფულის ხარჯვა გაკონტროლდება. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პროტოკოლი არის რუსეთ-აფხაზეთის 2015 წლის დიდი შეთანხმების ნაწილი, რომელიც აქამდე არ იყო რატიფიცირებული.
ახალი რეგულაციის შესაბამისად, აფხაზური მხარე ვალდებული იქნება, დააბრუნოს ფული, რომელიც აღარ გაიცემა აფხაზეთიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის, რუსეთის მოქალაქეობის დაკარგვის ან მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში.
სხვადასხვა მონაცემით, აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 80%, აფხაზურის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. შესაბამისად, საპენსიო ასაკის მოსახლეობას ასაკობრივი პენსია, ასევე, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება.
რუსეთმა დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც დაიწყო. მოსკოვს სურს, მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და ცხინვალისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს.
