ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ცხინვალში იწყებს რუსული ფულის ხარჯვის კონტროლს

27 თებერვალი, 2023 • 3482
მოსკოვი ცხინვალში იწყებს რუსული ფულის ხარჯვის კონტროლს

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


რუსეთმა დაიწყო სამხრეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი. მოსკოვს სურს, მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და საკუთარი სატელიტისგან მოითხოვს მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას.

რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისმა კომისიამ სამხრეთ ოსეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინვესტიციო პროგრამა მოსკოვში 10 თებერვალს დაამტკიცა.

სამწლიანი პროგრამა ითვალისწინებს 3,58 მილიარდი რუბლის ღირებულების 46 პროექტს – ძირითადი ნაწილი გადანიწლდება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სოციალურ საცხოვრისებზე, ინვესტიციებზე, სოფლის მეურნეობაზე.

წელიწადში საშუალოდ დაიხარჯება 1.2 მილიარდი რუბლი, რაც 20%-ით ნაკლებია 2018-2022 წლების ანალოგიური პროგრამების ბიუჯეტისა [აქამდე წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიარდ რუბლის შეადგენდა].

მოსკოვის მიერ ხარჯების შემცირება დიდწილად დაკავშირებულია საერთაშორისო სანქციებთან და სამხედრო საჭიროებებზე გაზრდილ ხარჯებთან. თუმცა მოსკოვის მოტივაცია უფრო სხვა რამეს ემსახურება – მოსკოვი ცხინვალს უდგენს იმ ფინანსურ დახმარებას, რომელიც დადგენილ ვადებში შეუძლია აითვისოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ. საქმე ის არის, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ასრულებდა საინვესტიციო პროგრამებს დადგენილ ვადებში. უწყებებს უწევდათ, ყოველი წლის ბოლოს შეუსრულებელი ნაწილი შემდეგი წლისთვის გადაეტანათ.

საერთაშორისო სანქციებმა კი მოსკოვი იძულებული გახადა, საკუთარი ფინანსების გაცემის პირობებში კორექტივები შეიტანა – კრემლი  აღარ აპირებს მოითმინოს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ინფანტილურობა და ფედერალური ფულის ქურდობა. შესაბამისად, ის ამკაცრებს დახმარების პირობებს.

მოსკოვის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა, ცხინვალმა შეასრულოს 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შესახებ 2022 წლის 4 აგვისტოს შეთანხმება. შეთანხმება კი სამ ძირითად პუნქტს მოიცავს:

ორი მათგანი ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების და საგადასახადო კანონმდებლობის ე.წ. ჰარმონიზაციას, მათ შორის გადასახადების აწევას რუსეთის სტანდარტამდე, რაც ბევრად მაღალია.

ამ პირობების შესრულებამ უნდა გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ მოსწონს ადგილობრივი ბიუროკრატიის განწყობები რუსული ფულთან დაკავშირებით – სამხრეთ ოსეთის განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფულის მოთხოვნა.

ცხადია, გადასახადების გაზრდა ფასების საგრძნობლად ზრდას და ისედაც არც ისე უზრუნველყოფილი მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუარესებას გამოიწვევს.

მაგალითად, იმპორტულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადები გაიზრდება 26-ჯერ. აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მეორადი ავტომობილებით  სარგებლობს, რადგან ისინი ახალ რუსულ ავტომობილებზე ბევრად იაფი, ხარისხიანი და გამძლეა. თუკი საბაჟო გადასახადები რუსეთის ტარიფებს გაუტოლდება, მოსახლეობისთვის უბრალოდ აღარ იქნება ხელმისაწვდომი უცხოური ავტომობილები.

გადასახადების გათანაბრება ასევე დაღს დაასვამს კერძო ინვესტიციებს. აქ ინვესტიციები ისედაც მცირეა და ძირითადად ეს არის ოსური დიასპორის მიერ პატრიოტული მოტივებით ჩადებული ინვესტიციები, თუმცა არც ამ სეგმენტისთვის არის მომგებიანი სამხრეთ ოსეთში ინვესტირება. მართლაც, რა აზრი აქვს წარმოების გადატანას როკის გვირაბს მიღმა, რკინიგზიდან 200 კილომეტრში, თუკი არც იქაა საგადასახადო შეღავათები?

ამავე დროს, ცხადია, ყველა ეს ზომა, რომელიც მიმართულია საინვესტიციო მომხიბლაობის გაზრდაზე, ფორმალურია. ადგილობრივი ბიუროკრატია, პრინციპში, არ არის დაინტერესებული ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომაც მოსკოვი ვერ ხედავს მიზეზს, სამხრეთ ოსეთის ოშფორული ინტერესი გაითვალისწინოს.

დაბოლოს, შეთანხმების მესამე მნიშვნელოვანი პუნქტი ითვალისწინებს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციას.

რუსეთი თანახმაა, გაზარდოს სახელმწიფო მოხელეების ბიუჯეტი და ჩრდილოეთ კავკასიას გაუთანაბროს იმ პირობით, რომ სამხრეთ ოსეთი გაბერილ შტატებს შეამცირებს და უარს იტყვის ერთი და იმავე ჩინოვნიკის სხვადასხვა პოსტზე დანიშვნაზე.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ზომა “გაზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და რესურსების რაციონალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს”.

კადრებთან დაკავშირებული სიტუაციის უკეთ გასაგებად საჭიროა სიტუაციის გარკვეული ანალიზი.

2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სამხრეთ ოსეთში 54, 4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ რაოდენობაში შედიან მოქალაქეებიც, ვინც მუდმივად ცხოვრობს რუსეთსა და საქართველოში. ადგილობრივი ექსპერტების და თანამდებობის პირთა შეფასებებით, მოსახლეობის რეალური ციფრი 27-დან 35 ათასამდე მერყეობს.

2015 წლის აღწერითვე, შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობა [16-დან 55 წლამდე ქალები და 60-მდე კაცები]  29 ათასია, შესაბამისად, რეალური ციფრი – დაახლოებით 17.5 ათასია. მათგან 16-დან 21 წლამდე – 2,7 ათასია. გამოდის, დასაქმების საჭიროების მქონეთა რაოდენობა დაახლოებით 14.8 ათასია.

ახლა ეს რაოდენობა შევადაროთ ბიუჯეტით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებს.

ღია წყაროების მიხედვით, 7,9 ათასი ადამიანია დასაქმებული განათლების, კულტურის და ჯანდაცვის სფეროებში; 2 ათასი-  სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში. ძალოვან სტრუქტურებში: შსს -ში – 1.2, 0.5 კი – უშიშროებასა და თავდაცვის სამინისტროში.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის, გენერალურ პროკურატურისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მონაცემები, ამ მხრივ, ღია წყაროებით არ იძებნება, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ეს ციფრი დაახლოებით ათასია.

ჯამში, 13 ათასი თანამდებობაა. ამას შეგვიძლია დავუმატოთ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის არმიიდან რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე გადავიდნენ. ასევე, ადგლობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მუშაობენ რუსულ სახელმწიფო საზღვრის სამსახურში. აქ არ არიან ნაგულისხმევი ისინი, ვინც მუშაობს ელექტრო-გაზმომარაგების და კავშირგაბმულობის კომპანიებში და ა.შ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი ბიუჯეტიდან ხელფასის გარეშე ცხოვრობს და  ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის სფეროებში მუშაობს, გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთში სამუშაო ძალების დეფიციტი უნდა იყოს.

გაბერილ საბიუჯეტო შტატებს მოსკოვი თავიდან თანხმდებოდა. თავიდანვე ცხადი იყო ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა და მისი გეოგრაფიული იზოლაცია მოსახლეობის დასაქმების საშუალებას არ იძლევა. არსებითად, ეს იყო სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, რომლის წყალობით მოსკოვი მხარს უჭერდა ამ ტერიტორიაზე ადამიანების “შენახვას”. პარალელურად, მოსკოვი საშეღავათო კრედიტებს აძლევდა ბიზნესს განვითარებისთვის იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე მყოფების ნაწილი უფრო მომგებიან სექტორში გადავიდოდა.

თუმცა ადგილობრივმა ბიუროკრატიამ პროექტში საკუთარი კორექტივები შეიტანა. ჩინოვნიკებმა ბიუჯეტის დიდი ნაწილი თავად გადაინაწილეს.

2022 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის აუდიტებმა სამხრეთ ოსეთში გამოავლინეს ორ ათასზე მეტი პირი, რომელიც ერთდროულად შვიდ თანამდებობაზე მუშაობდა. თანამდებობებზე მათი ოჯახების წევრები ინიშნებოდნენ – მოზარდებისა და მოხუცების ჩათვლით, იმ დროს, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უმუშევარია.

შედეგად, ერთნი მოსკოვში, ვლადიკავკაზში, თბილისში ან ბათუმში ყიდულობენ ბინებს, მეორენი კი ლუკმა-პურის ფულსაც ვერ შოულობენ.

“საკადრო პოლიტიკის” ერთ-ერთი შედეგია კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტიც. ჩინოვნიკების პროფესიული დონე უკიდურესად დაბალია. სამინისტროებმა და უწყებებმა ჯერ კიდევ ვერ წარადგინეს 2019 წლის ფინანსური ანგარიშები. ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირებს უბრალოდ არ შეუძლიათ წლიური ანგარიშის წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთვის ან განმარტება აუდიტისთვის, თუ რაში დახარჯეს ფული.

ეს არის ჩინოვნიკების მასობრივი კვების პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს ანალიზს, რაში იხარჯება ფული, რა მიზნებს ემსახურებიან უწყებები.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჩამონათვალში ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება 100 მილიონ რუბლს მოიცავს წელიწადში, იმ დროს, როდესაც უწყების ბიუჯეტი 1,4 მილიარდი რუბლია. რაში დაიხარჯა სხვაობა, პასუხი არავის აქვს.

ამასთან, ყველა სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე, რუსული პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ვერ შოულბენ სამსახურებს უკვე დაკავებული ადგილების გამო. მეტიც, ისინი აღიქმებიან როგორც საფრთხე დამყარებული წესრიგის წინააღმდეგ. ამიტომაც ეს სტუდენტები იძულებული არიან, სამსახურები ისევ რუსეთში ეძიონ.

დღეს მოსკოვს აღარ აქვს საბაბი, გაბერილი საბიუჯეტო შტატები და უსაქმურები შეინახოს. ახალი შეთანხმება ადგენს ხელფასის ზღვარს და შეზღუდვებს სამსახურების შეთავსებაზე – ერთ ადამიანს მხოლოდ ერთნახევარ განაკვეთზე შეუძლია მუშაობა.

ამასთან, როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი, “თითოეული მუშაკის ხელფასი  დამოკიდებულია მის კვალიფიკაციაზე, სამუშაოს სირთულეზე, რაოდენობაზე და შრომის ხარისხზე”.

შეუსრულებლობის ან არასრულად შესრულებული პირობების შემთხვევაში, მოსკოვი იტოვებს უფლებას, შეამციროს დაფინანსება ან მთლიანად შეწყვიტოს. დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი რუსეთის ხუთ სამინისტროს დაევალა.

ოპტიმიზაცია განსაკურებით შეეხება სამედიცინო სფეროს. მაგალითდ, 2022 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, აქ 438 ექიმი ირიცხებოდა, 2025 წლის პროგრამის დასრულებისთვის კი ეს როდენობა 305-მდე უნდა შემცირდეს. საშუალო სამედიცინო პერსონალი 822-დან 524-მდე უნდა შემცირდეს, დაბალი  კი- 425-დან 382-მდე.

ოპტიმიზაცია შეეხება ასევე უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებსაც – 261-დან 192-მდე.

შემცირება შეეხება სახელმწიფო და მუნიციპალურ მოხელეებს, თუმცა ციფრები გასაიდუმლოებულია.

მოქმედი ხელისუფლებისთვის ამ შეთანხმების შესრულება ნიშნავს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების გავლენიანი და მეტნაკლებლად უზრუნველყოფილი ნაწილის უკმაყოფილებას ან ბუნტს.

ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია. პრეზიდენტ გაგლოევის გუნდს ასეთი ტვირთით გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს შეეხება შემდეგ წელს დანიშნულ საპრეზდენტო არჩევნებსაც.

შეთანხმების ხელმოწერიდან უკვე ნახევარი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლება კვლავ ერიდება, ამის შესახებ მოსახლეობას ღიად ელაპარაკოს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება ერთ მომენტში არ წარმოქმნილა პირველად მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის დროს გაახმოვნა. პრეზიდენტი ბიბილოვი კი ვალდებული იყო, ხელი მოეწერა საგზაო რუკაზე, რომელიც გულისხმობდა 2022 წლამდე, ეტაპობრივად, სამხრეთ ოსეთის გადასვლას რუსეთის საბაჟო წესებსა და ტარიფებზე. მის დროს ასევე ზეპირი შეთანხმება შედგა საბიუჯეტო თანამშრომლების შემცირებაზე, თუმცა მაშინ აღებული ვალდებულებებიდან ბიბილოვს არაფერი შეუსრულებია. ის კარგად ხვდებოდა, რომ ამ ვალდებულებების შესრულება მისი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. შესაძლოა, გაგლოევსაც გაეყვანა დრო, რომ არა ომი უკრაინაში და საერთაშორისო სანქციები. მძიმე პირობებში აღმოჩენილმა მოსკოვმა უბრალოდ შეწყვიტა დათმობები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი