უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან 16 მარტის ჩათვლით, 108 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად დაშავდა 120-ზე მეტი ბავშვი.

გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის თავდასხმების შედეგად კიევში დაშავდა 52 ბავშვი, ხარკოვში – 34, დონეცკში – 25, ჩერნიგოვში – 24, მიკოლაივში – 20, ჟიტომორში – 15, სუმიში – 14 და ხერსონში – 10.

ამასთან, დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაზიანდა 411 საგანმანათლებლო შენობა, მათ შორის, 63 სრულად განადგურდა. დონეცკში დაზიანდა 119 საგანმანათლებლო შენობა, ხარკოვში – 77, მიკოლაევში – 30, სუმიში – 28, კიევში – 35, ხერსონში – 21, კიევში – 24.

ასევე, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 11-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, საიდანაც 3 სარეაბილიტაციო ცენტრია, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთის განკუთვნილი.

უკრაინის გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო გარკვეული ადგილების დათვალიერება ვერ ხერხდება.

ამასთან, 16 მარტს რუსეთის მხარემ მარიუპოლში დონეცკის რეგიონალურ დრამატულ თეატრი დაბომბა, რომელსაც ათასამდე მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს, ძირითადად კი- ქალები და ბავშვები. პროკურატურის ცნობით, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან მარიუპოლში დაბომბვა გრძელდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია პირველ დაღუპულთა შესახებ, მათ შორის არიან ბავშვებიც.

მოგვიანებით, უკრაინის რადას დეპუტატმა, სერგეი ტარუტამ მარიუპოლის თეატრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობის ბუნკერმა დაბომბვას გაუძლო და შენობიდან “ხალხი ცოცხალი გამოდის”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.