საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა რუსეთს ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან, უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენენ.

„არ ვფიქრობ, რომ არის უსაფრთხოების გამოწვევა, არ ვეთანხმები ამ მოსაზებას“, — ასე უპასუხა ზურაბიშვილმა Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას: „ათასობით რუსი კვეთს საქართველოს საზღვარს“, რატომ მიდიან ისინი [საქართველოში], ეს უსაფრთხოების გამოწვევას არ წარმოადგენს?“

„ვფიქრობ, რუსები, რომლებიც საქართველოში მოდიან, არ არიან ისინი, ვინც კმაყოფილნი არიან იმიჯით, რომელსაც საკუთარი მთავრობა უქმნის და, სავარაუდოდ, მოხიბლული არიან მეზობელი ქვეყნით, რომელიც ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო. ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. ასე რომ, თუ ისინი მშვიდობიანი და არა სხვა განზრახვით მოდიან, აქ მიესალმებიან. დღეს რომ რუსი ვიყო, ძალიან არ ვიამაყებდი და არ მენდომებოდა რუსეთში ცხოვრების გაგრძელება“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო მიგრაცია საზოგადოებაში დისკუსიის საგანია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამან ფართო ტენდენციის სახე მიიღოს. მმართველმა გუნდმა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება დააანონსა.

„გავამკაცრებთ კანონმდებლობას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე“ – კობახიძე