კახეთის პოლიციამ ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა თელავში მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას,  დედას და ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თელავშივე დააკავა.

“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, — წერია განცხადებაში.

ბრალდებულს ოჯახის წევრთა მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.