შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა. ლიცეუმი 227 მოსწავლით ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.
გადაწყვეტილება სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებაზე საბჭომ 15 მაისს მიიღო Zoom-ში გამართულ ონლაინ-სხდომაზე. პირველ ივნისს გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას ლიცენზია გაუუქმეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების და დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
რატომ შეუჩერეს სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია სხდომის ოქმის მიხედვით
15 მაისს გამართული სხდომის ოქმში საუბარია საკითხებზე, რომლებიც სკოლაში მისულმა ექსპერტებმა პრობლემურად შეაფასეს და საბოლოოდ ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი გახდა. ექსპერტთა თქმით:
- სასწავლო გეგმა არ იყო ერთიანი; ისინი საუბრობენ პრობლემებზე საათობრივ ბადესა და საკლასო ჟურნალში, შემაჯამებელი სამუშაოების ნაკლებობაზე დაწყებით კლასებში, კარიერის დაგეგმვის პროგრამის არასათანადო დანერგვაზე, შეუსაბამობაზე გაკვეთილების განრიგსა და ფაქტობრივ მოცემულობას შორის და ა.შ.
- ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირების მექანიზმები და პირველადი მართვის სტრატეგიები, რითაც დაირღვა ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიკაციის თაობაზე არსებული წესები.
- მშობელს უფლება ჰქონდა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, დასწრებოდა გაკვეთილებს, რითაც დაირღვა სასწავლო გეგმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი;
- მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება დადგენილი წესით არ იყო გაგზავნილი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის.
- ექპერტის განცხადებით, სკოლის ყველა სართულზე არ იყო მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის. სკოლაში არსებულ ყველა ხელსაბანში უზრუნველყოფილი არ იყო ხელის გასამშრალებლისა (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და ნარჩენების კალათის (უკონტაქტო) ხელმისაწვდომობა. სსმ მოსწავლეებისთვის (როგორც ვაჟი, ისე გოგონა) არ იყო შესაბამისად მოწყობილი სველი წერტილი, არ იყო დაცული სველ წერტილში შესასვლელი მინიმალური ზომები. გამოკრული საევაკუაციო გეგმები არ იყო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში და არ იყო მოშლილი კიბის ქვემოთ მოწყობილი სათავსო. ექსპერტის თქმით, დაწესებულებაში არ ხდებოდა სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი.
სხდომის ოქმის თანახმად, დაწესებულების დირექტორმა ისაუბრა სკოლაში არსებული ხარვეზების შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწყო არსებული ხარვეზების გამოსწორება. ოქმში მითითებულია სკოლის დირექტორის არგუმენტებიც ექსპერტთა განცხადებების საპასუხოდ. კერძოდ:
- საბჭოს სხდომაზე დირექტორმა, მარეხ ყანჩაველმა, აღნიშნა, რომ რეკომენდაციები სასკოლო სასწავლო გეგმის ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლამ გაითვალისწინა, კერძოდ, დოკუმენტების დანომვრა – აკინძვასა და შესაბამისი ბეჭდით დამოწმების თაობაზე.
- მისი თქმით, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მოდელი და გადაიგზავნა დასამტკიცებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
- დირექტორმა განმარტა დაწყებითი საფეხურის კლასებში შემაჯამებელი დავალებების შესახებ. მისი თქმით, არ იყო ვალდებულება იმისა, რომ 1-4 კლასის მოსწავლეებს შეესრულებინათ შემაჯამებელი დავალებები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
- დირექტორის განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული რამდენიმე ხარვეზი გამოასწორა, რაც დაადასტურა ფოტომასალით საბჭოს სხდომაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებები საბჭომ საკმარისად მიიჩნია დაწესებულების ავტორიზაციის გასაუქმებლად. ვინაიდან სასწავლო წელი მალე სრულდება, საბჭო შეჯერდა, რომ გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიმდინარე წლის 30 ივნისიდან. ანუ სკოლა მიმდინარე აკადემიურ წელს დაასრულებს, თუმცა ახალს ვეღარ დაიწყებს.
[toggle title=”გაეცანით საბჭოს სხდომის ოქმი და ექსპერტთა არგუმენტები სრულად”
შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
საბჭოს თავმჯდომარემ დაწესებულების წარმომადგენლებს მიმართა, ხომ არ ჰქონდათ საბჭოს წევრების მიმართ აცილება. დაწესებულების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საბჭოს წევრების მიმართ აცილება არ ჰქონდათ. საბჭოს თავმჯდომარემ მიმართა საბჭოს წევრებს, დაედასტურებინათ, რომ იცნობდნენ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას. საბჭოს წევრებმა დაადასტურეს, რომ იცნობდნენ საქმის მასალებს.
საბჭოს თავმჯდომარემ ჰკითხა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელს, იცნობდა თუ არა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას. წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იცნობდა დასკვნას. შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის მდივანს სთხოვა, რომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დაერთო ოქმისთვის, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
საბჭოს თავმჯდომარემ ჰკითხა დამსწრეებს, თანახმა იყვნენ თუ არა, რომ ოქმის შედგენის მიზნით განხორციელებულიყო სხდომის აუდიოჩაწერა. დამსწრეთაგან წინააღმდეგი არავინ ყოფილა. საბჭოს თავმჯდომარემ დაამატა, რომ ჩანაწერი განადგურდებოდა ოქმის შედგენისთანავე.
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა საბჭოს სხდომაზე წარადგინეს ექსპერტებმა, ეკატერინე კვირიკაშვილმა და ნოდარ ანგურიძემ. მათ აღწერეს ვიზიტის შედეგები და დასკვნები სტანდარტების შესაბამისად.
3.1. ექსპერტის განცხადებით სასკოლო სასწავლო გეგმა, როგორც დოკუმენტი, არ იყო ერთიანი, დანომრილი ნაწილებითა და დანართებით. სასკოლო სასწავლო გეგმაში საათობრივი ბადე არ განსაზღვრავდა მოსწავლეთა აუცილებელ კვირეული და წლიური ჯამური საათების ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით. ექპერტის განმარტებით საკითხები, რომლებიც საჭიროებდა სამინისტროსთან დასაბუთებას/შეთანხმებას, ისე იყო სსგ-ით დამტკიცებული, რომ სკოლას არ ჰქონდა სამინისტროსგან უკუკავშირი მიღებული, არ იყო შეთანხმებული. ასევე, ექსპერტის თქმით, საკლასო ჟურნალსა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool) შეტანილი იყო კლასების მიხედვით გაკეთებული საგნების ჩამონათვალი, რომელიც არ ემთხვეოდა სასკოლო სასწავლო გეგმით დამტკიცებულ ჩამონათვალს. ექსპერტის განცხადებით, სასკოლო საათობრივ ბადეში სრულყოფილად არ იყო აღნიშნული როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით.
გაუთვალისწინებელია დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ექსპერტ ეკა კვირიკაშვილის განმარტებით, არჩევითი და დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების (სავალდებულო) სახით შეთავაზებული საგნების შემაჯამებელი დავალებების მინიმალური/მაქსიმალური რაოდენობა სსგ-ით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმით არ იყო დაზუსტებული და განსაზღვრული I-IV კლასებში შემაჯამებელი სამუშაოების მინიმალური ოდენობები, რომელიც ფაქტობრივად არ ტარდებოდა. ექსპერტის განცხადებით, არ იყო დაცული სასკოლო სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილებისადმი მოთხოვნა. მან განმარტა, რომ სასკოლო სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი: 8 გაკვეთილი – IX კლასში, 4 გაკვეთილი – XI კლასში. ასევე, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგი. ექპერტმა აღნიშნა, რომ ამით დაირღვა ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება. ექპერტის განცხადებით, საგანში, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება, მოსწავლემ ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩააბარა არა წერითი ფორმით, ტესტირების გზით, არამედ ონლაინ. სკოლას არ შეუდგენია აღნიშნულ საგანში ტესტები, დაცული არ იყო კონფიდენციალურობა და ნაშრომის გასწორების წესი.
ამით დაირღვა ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #18/ნ ბრძანება.
ექსპერტის თქმით, სასკოლო სასწავლო გეგმაში გაწერილი გაკვეთილების განრიგი არ შეესაბამებოდა გაკვეთილების ცხრილსა და ფაქტობრივ მდგომარეობას. (მაგ: განრიგით 1 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ 35- წუთიანი გაკვეთილები, მაშინ, როცა ცხრილითაც და ფაქტობრივადაც მოსწავლეებს უტარდებოდათ 45- წუთიანი გაკვეთილები). ექსპერტმა აღნიშნა, რომ რჩებოდა განცდა იმისა, რომ დაწესებულებას ჰქონდა სხვა დაწესებულების სასკოლო სასწავლო გეგმა. ექსპერტის განცხადებით, დაწესებულებამ არგუმენტად დაასახელა ზარის დარეკვასთან დაკავშირებული პრობლემა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ დაირღვა ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება; ექსპერტ ეკატერინე კვირიკაშვილის განცხადებით, სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირების მექანიზმები და პირველადი მართვის სტრატეგიები. მისივე განმარტებით, დაირღვა ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის #16/ნ ბრძანება;
ექსპერტის განცხადებით, განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად, მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისას, სკოლას არ ჰქონდა მიღებული ყველა გონივრული ზომა, სკოლაში უკვე ჩარიცხული მოსწავლისთვის მიეცა მის საჭიროებაზე და შესაძლებლობაზე მორგებული შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა, შეედგინა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და უზრუნველეყო მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება. ამით დაირღვა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანება.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ სკოლაში დანერგილი იყო ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ხელს უწყობდა მშობელთან კომუნიკაციას და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას (ესგ, მუხლი 19. დამრიგებელმა რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ). ექსპერტის განცხადებით, ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი, მაშინ, როცა სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ მშობელს უფლება ჰქონდა წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში დასწრებოდა გაკვეთილებს. დაწესებულებას გაწერილი ჰქონდა შინაგანაწესშიც: „სკოლის დირექტორს – ხელმძღვანელს, უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ნება დართოს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე.“ ექსპერტის განცხადებით, ამით დაირღვა არა მარტო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა, არამედ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი.
ექსპერტის განცხადებით, სკოლას მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დადგენილი წესით არ ჰქონდა გაგზავნილი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის. (დაირღვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2017 წლის 11 იანვრის #04/ნ ბრძანება).
საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს მიმართა, ხომ არ ჰქონდათ კითხვები საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა უპასუხეს, რომ ჯერ დაწესებულების წარმომადგენლებს ესაუბრათ მოცემულ საკითზე და შემდგომ დაესვათ კითხვები აღნიშნულთან დაკავშირებით.
დაწესებულების დირექტორის, ქალბატონ მარეხ ყანჩაველის განცხადებით, რეკომენდაციები სასკოლო სასწავლო გეგმის ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლამ გაითვალისწინა, კერძოდ, დოკუმენტების დანომვრა – აკინძვასა და შესაბამისი ბეჭედით დამოწმების თაობაზე. დაწესებულების დირექტორის, ქალბატონ მარეხ ყანჩაველის განცხადებით, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მოდელი და გადაიგზავნა დასამტკიცებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ასევე სკოლის დირექტორმა განმარტა დაწყებითი საფეხურის კლასებში შემაჯამებელი დავალებების შესახებ. მისი თქმით, არ იყო ვალდებულება იმისა, რომ 1-4 კლასის მოსწავლეებს შეესრულებინათ შემაჯამებელი დავალებები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
საბჭოს წევრმა – ბატონმა კახაბერ ფარცვანიამ განმარტა, რომ სასკოლო სასწავლო გეგმაში იყო გაწერილი შემაჯამებელი დავალება, როგორც შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი, ამიტომ იყო საჭირო შემაჯამებელი დავალებების შესრულება 1-4 კლასებში, რასაც სკოლის დირექტორი არ დაეთანხმა.
დაწესებულების იურისტის განცხადებით, სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასების სქემაში კერძოდ შემაჯამებელი დავალებების გრაფა იყო ეროვნული სასწავლო გეგმიდან კოპირებული. მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემაჯამებელი და საკლასო დავალებების კომპონენტი არ იყო გამიჯნული ერთმანეთისგან და სავალდებულო იყო 1-4 კლასებში ჩატარებულიყო შემაჯამებელი დავალებები.
საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრობლემას ის კი არ წარმოადგენდა, რომ უნდა ყოფილიყო 1-4 კლასებში შემაჯამებელი დავალება, არამედ ის, რომ დაწესებულებას ჰქონდა ჩანაწერი სასკოლო სასწავლო გეგმაში, როგორც შეფასების ერთ-ერთ კომპონენტი. მისივე თქმით, გაჩნდებოდა კითხვები, რა ფორმით ტარდებოდა ზემოაღნიშნული.
საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს მიმართა, ხომ არ ჰქონდათ კითხვები საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა უპასუხეს, რომ კითხვები არ ჰქონდათ.
3.2. ექსპერტ ეკატერინე კვირიკაშვილის განცხადებით, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი , (ID ნომერი:216441358) მდებარეობდა ქალაქ რუსთავში, ახმეტელის ქუჩა, N10ში. ერთ მისამართზე დაწესებულებას ჰქონდა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 10890.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 სასწავლო კორპუსი (4 სართული, საერთო ფართით 3034.23 კვ.მ) და #2 დამხმარე შენობა/ნაგებობა (საერთო ფართით 34.71 კვ.მ). საკადასტრო კოდი # 02.04.02.068; მესაკუთრე გახლდათ შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. ექსპერტის განცხადებით, ქონება დაყადაღებული იყო (102017038712 08/02/2017 14:09:41).
ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2019-2020 სასწავლო წელს ზემოთ მითითებულ მისამართზე მდებარე სასწავლო კორპუსის მეორე სართულზე ფუნქციონირება დაიწყო საბავშვო ბაღმა. ბაღმა დაიკავა მეორე სართულის უმეტესი ნაწილი თავისი ერთი სველი წერტილით (სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის განკუთვნილი ტუალეტი ადაპტირებული საპირფარეშოს ჩათვლით, რომლითაც ახლა ვეღარ სარგებლობენ). ექსპერტის განმარტებით, სკოლამ ვერ წარმოადგინა შიდა ბრძანება გამიჯვნის შესახებ. მისივე თქმით, იმ მომენტისთვის, სკოლას დაზუსტებით რა ფართი ეთმობოდა, გაურკვეველი იყო. ექსპერტ ეკატერინე კვირიკაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მოსწავლეები სარგებლობენ საერთო შემოსასვლელი კარით და საერთო კიბეებით.
ექპერტის განცხადებით, სკოლის ყველა სართულზე არ იყო მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის. სკოლაში არსებულ ყველა ხელსაბანში უზრუნველყოფილი არ იყო ხელის გასამშრალებლისა (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და ნარჩენების კალათის (უკონტაქტო) ხელმისაწვდომობა.
ექსპერტის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (როგორც ვაჟი, ისე გოგონა) არ იყო შესაბამისად მოწყობილი სველი წერტილი, არ იყო დაცული სველ წერტილში შესასვლელი მინიმალური ზომები.
ექსპერტის განმარტებით, გამოკრული საევაკუაციო გეგმები არ იყო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში და არ იყო მოშლილი კიბის ქვემოთ მოწყობილი სათავსო. ექსპერტის თქმით, დაწესებულებაში არ ხდებოდა სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი. ექსპერტმა აღნიშნა, რომ სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული არ იყო ვიდეოთვალთვალის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ექსპერტის განცხადებით, ვიდეოთვალთვალის განხორციელება ხდებოდა საკლასო ოთახში. დაწესებულების დირექტორმა ისაუბრა სკოლაში არსებული ხარვეზების შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწყო არსებული ხარვეზების გამოსწორება. მისივე განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული რამდენიმე ხარვეზი გამოასწორა, რაც დაადასტურა ფოტომასალით საბჭოს სხდომაზე.
3.3. ექსპერტმა ბატონმა ნოდარ ანგურიძემ მოკლედ ისაუბრა სკოლის ადამიანური რესურსის სტანდარტთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დარღვევები სკოლას არ ჰქონია, მხოლოდ რამდენიმე რჩევა მიეცა დაწესებულებას.
საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს მიმართა, ხომ არ ჰქონდათ კითხვები. საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ კითხვები აღარ ჰქონდათ. საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე – 11
წინააღმდეგი – 0
გადაწყვეტილება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე – 11 მუხლის მე – 2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე – 15 მუხლის მე – 3პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის No99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-7 პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს (ს/კ 216441358) გაუუქმდეს ავტორიზაცია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასწავლო წელი მალე სრულდებოდა, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო 2020 წლის 30 ივნისიდან.
[/toggle]
“გადაჭარბებული ბრალდებები, გულგრილი დამოკიდებულება” – რას ამბობენ სკოლაში?
სკოლამ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა საბჭოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციის თქმით, სკოლა -ლიცეუმის უფლებების დასაცავად საქმეში ჩაერთო ადვოკატთა გუნდი და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა სკოლას დროულად აღუდგეს ავტორიზაცია.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მიმდინარე დღეებში სკოლის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება.
“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კარდაკარ დადის ჩვენი მოსწავლეების ოჯახებში და დირექტორის სახელით ავრცელებს დეზინფორმაციას სკოლის შესახებ, ცდილობენ მოსწავლეთა და მშობელთა გადაბირებას”, – წერია განცხადებაში.
“ნეტგაზეთი”მეტი დეტალის გასარკვევად სკოლის დირექტორს, მარეხ ყანჩაველს დაუკავშირდა. მისი თქმით, ექსპერტები სკოლაში 21-28 თებერვალს იმყოფებოდნენ. დირექტორმა ექსპერტების დასკვნაში მოცემული მტკიცებები გადაჭარბებულად შეაფასა, თქვა, რომ ის ცრუ ინფორმაციას შეიცავდა და სკოლა სამართლებრივად იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.
“იყო საკმაოდ ბევრი ბრალდება, თუმცა- გადაჭარბებული, ნამდვილად არ არის სკოლაში ისეთი სიტუაცია, როგორც ეს მოცემული იყო დასკვნაში. ამან ჩვენი შეშფოთება გამოიწვია, ნამდვილად. არ შეესაბამება ბევრი რამ სიმართლეს. …როდესაც გაუფრთხილებლად მოდის ვიღაც, იქ შეიძლება, იყოს რაღაც მინიმალური დარღვევა, მაგრამ ეს დარღვევა არანაირად არ იყო საფუძველი სკოლის ასე გულგრილად, ზედაპირულად დახურვისა”, – აღნიშნავს დირექტორი.
ყანჩაველის თქმით, სახეზე იყო მხოლოდ მინიმალური ხარვეზები, რომლებიც მყისიერად, ექსპერტების მიერ სკოლის დატოვებამდე გამოსწორდა და ადმინისტრაციამ ამის ამსახველი დოკუმენტაციაც წარადგინა, თუმცა საბჭოს არ გაუთვალისწინებია ეს ფაქტორი.
“ყველაფერზე ვისაუბრებთ აუცილებლად და დაინტერესებულ პირებსაც ვაჩვენებთ დოკუმენტაციას, რომ მინიმალური ხარვეზები იყო, რომლებიც მყისიერად გამოსწორდა, თუმცა საბჭომ ეს არ გაითვალისწინა. ვინც ექსპერტის დასკვნას წაიკითხავს, სკოლაზე კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ დარჩება. თუმცა, დაბეჯითებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ სკოლა მუშაობს გამართულად, ეროვნულ გეგმაზე დაყრდნობით, ყველა მითითებითა და რეკომენდაციით.
მონიტორინგიც ზუსტად იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომცეს რჩევა, მითითება, გამოსასწორებელი ვადა… ეტაპობრივია ეს პროცესი და, რა თქმა უნდა, ასე ხელაღებით მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო”, – აღნიშნავს ყანჩაველი.
“ნეტგზეთმა” მარეხ ყანჩაველს ასევე ჰკითხა, ხედავს თუ არა კავშირს სკოლის დახურვასა და ჩაღლარის ქსელის გარშემო წარსულში განვითარებულ მოვლენებს შორის. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომენტირებისგან თავს იკავებს:
“ეს ცოტა დელიკატური თემაა. ამ ეტაპზე, ყველა ტიპის განცხადებისგან მინდა თავი შევიკავო. ბევრი რაღაც, შესაძლოა, ეჭვს იწვევს. ჩვენ ვართ საგანმანათლებლო სფერო, თუმცა, შევეცდებით, სამართლებრივად დავიცვათ ყველა ჩვენი თანამშრომლის, მოსწავლის, მშობლის უფლებები”.
დირექტორის თქმით, სკოლა გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს, რომელსაც ენდობა და იმედი აქვს, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“მათ[სააპელაციო საბჭოს] ნდობას ვუცხადებთ და ამიტომ, სხვა ტიპის განცხადებისგან [თავს შევიკავებ]. დაველოდოთ მოვლენებს”.
2017 წელს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლის ქონებას, ჩაღლარის ქსელში შემავალ დემირელის სკოლა-კოლეჯთან ერთად, ყადაღა დაედო, რასაც ერთ-ერთი ექსპერტიც აღნიშნავს. მარეხ ყანჩაველის თქმით, საქმე ამ დრომდე განხილვის პროცესშია, თუმცა სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო. საქმეში ჩართულია ექსპერტიზის ბიუროც.
ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის პრობლემები წარსულში
ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც აერთიანებს როგორც უმაღლეს, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ჩაღლარის ქსელში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბოლო წლებში არაერთგზის შექმნიათ პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან. ზოგიერთი მათგანი დაიხურა.
ამ ნაბიჯებს ავტორიზაციის საბჭო ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმოჩენილი დარღვევებითა და კანონთან შეუსაბამობებით ხსნიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობდა კითხვებიც, ხომ არ იყო განპირობებული საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებები თურქული მხარის რიტორიკითა და ზეწოლით.
პროცესები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. 16 ივლისს – თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე საათში – თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და ჩაღლარის ქსელის სხვა სკოლები დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამიტომ იგი აპირებდა, მიემართა საქართველოს მთავრობისათვის ამ სკოლების დახურვის მოთხოვნით.
უფრო კონკრეტულად, კონსულმა თქვა, რომ აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლას ფეთულა გიულენის მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ზემოაღნიშნული გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრებს. სკოლაში გამორიცხეს კავშირი გიულენთან: სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ამბობდა, რომ არ ეშინოდათ, რადგან სიმართლე მათ მხარეს იყო. რამდენიმე თვეში სახელმწიფომ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა.
ამავე წელს გაქრა ქვეყნის განათლების სექტორიდან ჩაღლარის ქსელში შემავალი კიდევ ერთი პრესტიჟული დაწესებულება – დემირელის სკოლა-კოლეჯი თბილისში: მისი ხელმძღვანელი ჯერ გამოძიებამ დაიბარა, შემდგომ კი შემოსავლების სამსახურმა კოლეჯს 1 206 449 ლარის გადახდა დააკისრა. 2017 წლის თებერვალში დემირელის, ასევე რუსთაველის სკოლა-ლიცეუმისა და აღნიშნული სასწავლებლების დამფუძნებლების ქონებას ყადაღა დაადეს, აგვისტოში კი დემირელის სკოლა-კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერეს. რუსთაველის სკოლა-ლიცეუმის მფლობელი, რეესტრის თანახმად, სწორედ დემირელის კოლეჯია.
ამავე წლის მაისში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის განხილვა ჩაღლარის ქსელის გარშემო: დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც 15 წლის მანძილზე ეწეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას. თურქული მხარე მას გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა. ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ჩაღლარის ქსელის კიდევ ერთ დაწესებულებას – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს – პრობლემები 2018 წლის ზაფხულში შეექმნა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა IBSU-ს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდა. მიზეზად ფინანსური არამდგრადობა, კერძოდ, სახელმწიფოსადმი არსებული დავალიანება სახელდებოდა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა, თუმცა შეზღუდვა მას მხოლოდ დეკემბერში მოუხსნეს.
სახელმწიფოს არგუმენტების მიუხედავად, საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის მხარდამჭერები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-სთვის დაწესებულ შეზღუდვამდე 4 დღით ადრე, 16 აგვისტოს, თურქეთის ელჩმა საქართველოში სააგენტო “ანადოლუს” უთხრა, რომ თურქეთი “გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა.
მან ასევე თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.
თურქეთის სახელმწიფოსთან აფილირებული მედია არაერთგზის ახსენებს რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში, რომლებსაც, თურქეთის სახელმწიფოს მსგავსად, გიულენის მოძრაობის ნაწილად მოიაზრებს. ისინი სხვა დაწესებულებათა გვერდით რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ასახელებენ.
ჩაღლარის ქსელი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას ფლობს. მათ შორისაა სკოლები თბილისში, ქუთაისში, მარნეულსა და გორში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესი საბჭოს 15 მაისის ოქმის თანახმად, სხდომაზე კიდევ ორი საგანმანათლებლო დაწესებულების – გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და თბილისში მდებარე ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმ “სხივის” – საკითხი განიხილეს. მეორე მათგანი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა. ამ შემთხვევაშიც ექსპერტთა მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს, ადმინისტრაციამ კი თავისი არგუმენტები და გამოსწორებული ხარვეზების ამსახველი მასალა წარადგინა. საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “სხივის” მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, შესაბამისად, მას ავტორიზაცია შეუნარჩუნდა.
“გიულენისტობის” ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა. ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.
