“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით გართულებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ პირებისთვის ბევრად რთულია დაასაბუთონ, რომ ნამდვილად იყვნენ დასაქმებული, გეგმა კი ბუნდოვანს ხდის ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს:
“მნიშვნელოვანია, რომ გეგმის მიზნობრივი დახმარების ჯგუფი მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებით არ შემოიფარგლა. ამავდროულად, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, უნივერსალურობის პრინციპის უგულებელყოფით, წინასწარ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებას გულისხმობს, რაც გაართულებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიკაციას.
ცხადია, ასეთ დროს ამ პირებისათვის ბევრად უფრო რთული იქნება, დაასაბუთონ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასაქმებულნი. გეგმა ამ პრობლემასთან დაკაშირებულ საკითხებს ბუნდოვანს ტოვებს. მეორე მხრივ, არსებული სოციალური დაცვის სისტემებში პრობლემების დანახვა აჩენს იმედს, რომ ხელისუფლება გამოასწორებს ხარვეზიან პრაქტიკას, რის შემდეგაც გამარტივდება მსგავსი ჯგუფებისა თუ პირების იდენტიფიკაცია”, – წერია ანგარიშში, სადაც ორგანიზაცია საგანგებო სიტუაციის ფარგლებში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.
ამასთან, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” აღნიშნავს, რომ გეგმის მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებიდან (0-დან 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით) დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, რომელთაც 16 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ. ასეთი მიდგომა, ორგანიზაციის შეფასებით, ასევე არ პასუხობს რეალურ გამოწვევას, რაც მსგავსი სხვა ოჯახების წინაშე დგას.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც წარმოდგნეილ დოკუმენტში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხედავს, გეგმის სოციალური ნაწილით გათვალისწინებული ფულადი დახმარების არაერთგვაროვანი გადანაწილებაა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის:
“გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარია გამოყოფილი, როცა დაქირავებით დასაქმებულისთვის ეს თანხა 6 თვის განმავლობაში 1200 ლარია. ეს მიდგომა ვერ ჩაითვლება სამართლიანად იმ თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც შემოსავლის წყაროს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ დგანან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, გეგმა ასევე არ შეხებია უამრავ მოწყვლად ჯგუფს, რომლებსაც ასევე ესაჭიროებათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა, მაგალითად, შშმ პირებს (გეგმა მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობებს ეხება), ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოწყვლად ჯგუფთა დახმარების და გაძლიერების მიზნით, აუცილებელია, ანტიკრიზისული გეგმის სიკეთეები მათზეც გადანაწილდეს.
ამასთან, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, გასათვალისწინებელია ეკონომიკური რეცესიის განსაკუთრებული გავლენა ქალთა უფლებებზე და სიღარიბის ფემინიზაცია, რაც ამ გეგმის მიღმა დარჩა:
“ასევე, აუცილებელია, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილში მოიაზროს იმ პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც უცხოეთიდან გზავნილებზე იყვნენ ფინანსურად დამოკიდებულნი და პანდემიის გამო დარჩნენ ამ შემოსავლების გარეშე. მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მიგრანტების დაბრუნებას და მათი სოციალური გარანტიები არ იქნას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უგულებელყოფილი. მეტიც, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ მოქალქეთა მხარდაჭერა ბანკებში ფინანსური ვალდებულებების გადავადებაზე და რესტრუქტურიზაციაზე შეეხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც:
“მით უფრო, როცა არსებული დაკრედიტების პოლიტიკა და სახელმწიფოს უმოქმედობა მათ ბენეფიციარებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. აუცილებელია გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ადმინისტრირების პროცესის გამარტივება ბენეფიციართათვის და მათი დროულად მიწოდება. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც თანხების წარმომავლობის, ისე მისი გახარჯვის შესახებ საზოგადოებისთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.
