სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. 

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ.

 

“მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01. დაზარალებულ მოსახლეობაზე სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიებით მოხდება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

გარდა ამისა, მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტემბრის თვიდან აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებების განხორციელებას აანონსებს.

 

“გაიზრდება სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება და ნაცვლად 60 %-ისა, სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის 70 %-ს დააფინანსებს. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, სტიქიით შედეგად მიღებულმა ზარალმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აგროდაზღვევას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სამიინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის სტიმულირებას და განვითარებას. სამინისიტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ აგროდაზღვევის პროექტში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *