წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ჯაბა ზარქუასა და შოთა დიღმელაშვილს სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, წიგნის საახალწლო ფესტივალი 27 დეკემბერს გაიხსნა და მის ფარგლებში ყოველწლიურად მწერლები და მთარგმნელები სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.
წიგნის გამომცემელთა ასოციაციის განცხადებით, წლევანდელი ფესტივალის ფოკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად, ლიტერატურული ღონისძიებების დიდი ნაწილიც ამ თემას დაეთმობა.
„ლიტერატურა მთელი თავისი არსით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. ამიტომ წელს გადავწყვიტეთ, ამ თვალსაზრისითაც შევაჯამოთ გასული წელი, მივუძღვნათ არაერთი ღონისძიება სიტყვის თავისუფლების თემას, ამ გზით გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს და მადლობა ვუთხრათ იმ ქართველ მწერლებს, რომელთაც ამ კუთხით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით“, – თქვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავამ.
ორგანიზაციის განცხადებით, ჯილდო საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის წელს პირველად დაწესდა და მიზნად ისახავდა გამოევლინა ადამიანები ლიტერატურული სფეროდან, რომლებიც 2019 წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იმ აქტივობებით, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას უწყობდა ხელს.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო ჯაბა ზარქუამ და შოთა დიღმელაშვლმა გაინაწილეს.
