ახალი ამბები

მოკლულია კაიროს აფეთქებაში ეჭვმიტანილი 17 პირი – ეგვიპტის შსს

9 აგვისტო, 2019 • 1504
მოკლულია კაიროს აფეთქებაში ეჭვმიტანილი 17 პირი – ეგვიპტის შსს

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ეგვიპტის თავდაცვის ძალებმა 17 “ტერორისტი” მოკლეს – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ადგილობრივი გამოცემა “Egyptian Streets” უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ძალებმა 8 ადამიანი ეგვიპტის ქალაქ ალ-ფაიუმში მდებარე სამალავში ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს, 7 კი – კაიროს აღმოსავლეთით. კიდევ ორი პირი ასევე დედაქალაქში, დაკავების მცდელობისას მოკლეს.

ქვეყნის შსს ამბობს, რომ აფეთქება ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, “ჰასმმა” მოამზადა, რომელიც ეგვიპტის გარდა, ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ჰყავთ გამოცხადებული. უწყების განცხადებით, თვითმკვლელი მძღოლი, რომელმაც ტერაქტი განახორციელა, იდენტიფიცირებულია და სწორედ “ჰასმის” წევრია.

ძლიერი აფეთქება ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში 4 აგვისტოს ღამით მოხდა. დაიღუპა 20, დაშავდა 30 ადამიანი, იქვე მდებარე სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის შენობა კი საგრძნობლად დაზიანდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტერიტორიაზე ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომანქანებს შეეჯახა, აღნიშნულმა კი აფეთქება და ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

აფეთქება კაიროში. ფოტო: EPA/MOHAMED HOSSAM

თავდაპირველად უცნობი რჩებოდა, რატომ იყო აფეთქება ასეთი მძლავრი. თუმცა, როგორც შემდგომ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ავტომანქანა, რომელიც სხვებს შეეჯახა, ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყო დატვირთული.

ზემოაღნიშნულ დაჯგუფება “ჰასმს” 2016 წლის შემდეგ არაერთ ტერორისტულ აქტზე აუღია პასუხისმგებლობა პოლიციის, ოფიციალური პირებისა და სხვათა წინააღმდეგ. ამჟამინდელი ხელისუფლება მას ისლამისტური ორგანიზაციის, “მუსლიმთა საძმოს” მოკავშირედ მიიჩნევს.

“მუსლიმთა საძმო”, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში გარდაცვლილი ექსპრეზიდენტი მუჰამად მურსი წარმოადგენდა, ეგვიპტეში 2013 წლიდან აკრძალულია და ტერორისტულ ჯგუფად არის გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი