“ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, – ასე გამოეხმაურა ტვ პირველის მფლობელი ვახტანგ [ვატო] წერეთელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.
“ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს”, – წერს ვახტანგ წერეთელი.
იმას, რომ ვატო წერეთელს გამოძიება თვეების განმავლობაში უსმენდა, ადასტურებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე. მან 26 ივლისს განაცხადა, რომ საქმის მასალების მიხედვით გამოძიება 2018 წლის მიწურულიდან 2019 წლის გაზაფხულამდე, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, უსმენდა 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს. მათ შორის ვატო წერეთელის, რომელიც არის ტვ პირველის მფლობელი.
ვატო წერეთელი, თიბისის დამფუძნებლების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, თუმცა ის დღემდე არ დაუკითხავთ.
პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ვატო წერეთელი და მისი მამა ავთო წერეთელი მთავარი ფიგურები არიან – გამოძიების ვერსიით, სწორედ მათ კომპანიებს ასესხა თიბისი ბანკმა 2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა.
ხაზარაძის განმარტებით, ავთო წერეთლის კომპანიებს თიბისიში 2007 წელს 35 მილიონის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გახსნილი და თანხის მიღება ბანკისგან უმარტივესად შეეძლოთ, თავის საკრედიტო ოფიცერთან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების მეშვეობით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ 2007-2008 წლებში სხვადასხვა სუბიექტისაგან ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, ჯამში, 80 მილიონი ისესხეს, მათ შორის 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, და თავიდან საერთოდ არ იცოდნენ, რომ წერეთელმა ეს ფული თიბისიდან გამოიტანა.
პროკურატურის მიერ ზემოთნახსენები ინფორმაციის გავრცელების დღიდან ვატო წერეთელი პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, დღემდე არ დაუკითხვათ. სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ გამოძიება მის ფარულ სატელეფონო მიყურადებას ახორციელებდა.
2019 წლის მარტში კი თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღეს. მოგვიანებით, გამოძიებისთვის წარდგენილი ეს წერილი პროკურატურამ გაასაჯაროვა.
წერილში არის მოთხოვნა, რომ ტვ პირველი “იმედის” ტრენდზე უნდა დაჯდეს. გახარია ამ წერილის აუთენტურობას უარყოფს, ხაზარაძის თქმით, კი დოკუმენტი ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი.
